გიორგი ჯინჭარაძე: მნიშვნელოვანია დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათი საჭიროებების დროული იდენტიფიცირება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც დევნილთა ჩასახლებების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრები ავტომშენებლის ქუჩა №41-ში, „აეროპორტის ადმინისტრაციის შენობასა“ და „აეროპორტის სასტუმროში“ გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ ადგილზე არსებულ მდგომარეობას და დევნილ მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო.
გიორგი ჯინჭარაძის თქმით, მნიშვნელოვანია დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათი საჭიროებების დროული იდენტიფიცირება, სწორედ ამიტომ, აფხაზეთის მთავრობა აქტიურად არის ჩართული კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ პრობლემათა გადაჭრის პროცესში.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ დევნილ მოსახლეობასთან ქუთაისში. ჩვენ იდენტიფიცირებული გვქონდა ის პრობლემები, რომელიც ამ კომპაქტურ ჩასახლებაშია და ადგილობრივი ხელისუფლების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით ყველა ეს საკითხი მოვაგვარეთ, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ. აფხაზეთის მთავრობის მიზანზე ორიენტირებული პროექტის გათვალისწინებით, სამომავლოდ ჩვენ დევნილებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სარემონტო სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
დევნილი მოსახლეობის საჭიროებების დროული იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის მიზნით, აფხაზეთის მთავრობა შეხვედრებს ეტაპობრივად ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში გამართავს.