ზაზა შათირიშვილი – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრების გარდაცვალებაზე: ამ დაუნდობელი ნაბიჯით „დიფ სთეითი“ სიკვდილის შიშს ჩანერგავს იმ პოლიტიკოსებსა და პარტიებში, რომლებიც ვერ მოისყიდა და, გარკვეულწილად, ადამიანების სიცოცხლის ფასად, მაინც მიაღწევს სასურველს
“მივიღეთ სურათი, რომ ამ დაუნდობელი ნაბიჯით „დიფ სთეითი“ სიკვდილის შიშს ჩანერგავს იმ პოლიტიკოსებსა და პარტიებში, რომლებიც ვერ მოისყიდა, საკუთარ აგენტებად ვერ აქცია და გარკვეულწილად, ადამიანების სიცოცხლის ფასად, მაინც მიაღწევს სასურველს. და, მიუხედავად ამისა, თუკი გარკვეულ წინააღმდეგობას წააწყდებიან, „ალტერნატივას გერმანიისთვის“ უბრალოდ აკრძალავენ, რისი რესურსიც ახლა უკვე ნამდვილად აქვთ”, – ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი წერს, რომელიც გერმანიაში პოლიტიკოსების, მათ შორის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრების გარდაცვალების შესახებ წერილს ავრცელებს.
შათირიშვილი მიიჩნევს, რომ გერმანელი ხალხი უკვე ჩიხშია შესული და გვიანია პატრიოტული ძალების არჩევა, “ვინაიდან ამ ძალებს გერმანიის მართვის სადავეებს უკვე აღარავინ დაუთმობს „დიფ სთეითის“ დიდი გავლენის ფონზე”.
მისი შეფასებით, სწორედ გერმანიაა იმის საუკეთესო ნიმუში, რა ემართება ქვეყანას, როცა სუვერენიტეტი დაკარგული აქვს და გარედან კონტროლდება.
„ამ ფონზე, გერმანელი ხალხი ჩიხშია შესული. გონს კი მოვიდნენ, საკუთარ ფავორიტებად გერმანიის პატრიოტები აირჩიეს, მაგრამ უკვე გვიანია, რადგან ამ პატრიოტულ პარტიებს გერმანიის მართვის სადავეებს აღარავინ დაუთმობს, იმდენად დიდია „დიფ სთეითის“ როლი და მისი აგენტურის გავლენა ამ ქვეყანაში.
გერმანიის მაგალითი საუკეთესო ნიმუშია იმისა, თუ რა გემართება, როდესაც სუვერენიტეტი დაკარგული გაქვს და გარედან გაკონტროლებენ. სწორედ ასე სავალალოდ გამოიყურება დღეს სუვერენიტეტდაკარგული ქვეყანა, ყველაზე განვითარებული, ყველაზე წარმატებული, უმაღლესი კულტურის, მათ შორის შრომის კულტურის მქონე გერმანია, რომელსაც „ყველა სიკეთესთან ერთად“, „დიფ სთეითმა“ საკუთარი აგენტურის ხელით ენერგეტიკა დაუნგრია, როდესაც ატომური ელექტროსადგურები დაახურინა, შემდეგ რუსული, იაფი, ენერგიის წყაროები ჩაუკეტა და ახლა მათთან აომებს. ამ ყველაფრის შედეგი უკვე სახეზეა – ერთ დროს, ეკონომიკურად ევროპის წამყვანი სახელმწიფო, რომელიც რამდენიმე წლის წინ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების სამეულში შედიოდა, მესამე წელია რეცესიაშია და სავარაუდოა, რომ უახლოეს პერიოდში მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუარესდება“, – ნათქვამია შათირიშვილის წერილში.