პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა მედიასთან პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, კომისიის 6-თვიანმა მუშაობამ ცხადი გახადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” არ გამოსწორებულა, არც გასწორდება და არც არაფერს ნანობს.
„ქალბატონმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საგამოძიებო კომისიის 6-თვიანი მუშაობის მოკლე შეჯამება. ეს იყო მაღალპროფესიულად და ზუსტი აქცენტებით გაკეთებული მოხსენება, მაგრამ ვერც ეს მოკლე შეჯამება და ვერც თითქმის 500-გვერდიანი დასკვნა ოდნავადაც კი ვერ გადმოსცემს იმ ტკივილს, ემოციას, შემზარავ დანაშაულთა აღწერას, რასაც ჩვენ და მთელი ქართული საზოგადოება კომისიის სხდომებზე ვისმენდით სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებული, გაუბედურებული და განადგურებული მოქალაქეებისგან. ოდნავადაც ვერ ასახავს იმ შემზარავ დანაშაულთა სიღრმეს და სიმრავლეს, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა წლების განმავლობაში ჩვენი სამშობლოს და ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ერის წინააღმდეგ. ეს აისბერგის წვერიც კი არ არის, ეს არის უმცირესი ნაწილი იმ შემზარავი დანაშაულების, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა და დღემდე ჩადიან ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
სრული გულწრფელობით უნდა გითხრათ, რომ შეუძლებელი იქნებოდა ამ დასკვნის ასე მაღალპროფესიონალურად დაწერა და კომისიის მუშაობის ასე მაღალ დონეზე წარმართვა, რომ არა ქალბატონი თეას მრავალთვიანი დაუღალავი შრომა, მისი ცოდნა, გამოცდილება და მაღალი პროფესიონალიზმი. დიდი მადლობა მას ამისთვის! თითოეული თქვენგანი უსმენდით ამ სხდომებს და ეს ნამდვილად არ იყო ადვილი – 15-20 წლის წინანდელი ტკივილები ცოცხლდებოდა საზოგადოებისთვის, იმ დაზარალებული ადამიანებისთვის, ვინც თავის თავზე იწვნია სააკაშვილის არაადამიანური რეჟიმის სისასტიკე, ცოცხლდებოდა კომისიის წევრებისთვის და იმ ათასობით მსმენელისთვის, ვინც კომისიის სხდომებს ყოველდღიურად გულისყურით უსმენდა.
იმდენად მძიმე იყო ამ ყველაფრის მოსმენა, რომ შეუძლებელი იყო, დაზარალებულთა ემოციების თანამონაწილეები არ გავმხდარიყავით. განსაკუთრებით ემოციურ ეპიზოდებში კომისიის წევრები ვნატრობდით, რომ კამერა ჩვენკენ არ მოტრიალებულიყო, რადგან რთული იყო ემოციების დამალვა. მოუშუშებელია ის ტკივილები, სულიერი თუ ფიზიკური, და ჯერ კიდევ ცოცხალია თითოეული იარა, რომელიც სააკაშვილის ნაცისტურმა რეჟიმმა მისგან დაზარალებულ ადამიანებსა და მთლიანად ჩვენს საზოგადოებას დაგვიტოვა; მოუშუშებელია ჩვენი ქვეყნის მთავარი ტკივილი – დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც ასევე სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის უმძიმესი მემკვიდრეობაა. ეს არის დარტყმა, რომელიც ჩვენს სამშობლოს მიაყენეს სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა შეგნებული, გამიზნული ქმედებებით.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი კომისიის დასკვნა, რადგან ეს არ არის მხოლოდ წარსულის კვლევა. ეს არის ჩვენი დღევანდელობა, რომლითაც ვცხოვრობთ და თუ გვინდა, რომ საქართველოში არასდროს განმეორდეს მსგავსი სისასტიკე, თუ გვინდა, რომ საქართველოს არასდროს მართავდნენ ადამიანები, ვისთვისაც სიტყვა „სამშობლო” ლიტონი სიტყვაა, ხოლო გარე პატრონების ბრძანება – უზენაესი ჭეშმარიტება, ამისთვის საჭიროა წარსულს თვალი გავუსწოროთ და სწორად შევაფასოთ მისი გაკვეთილები. კომისიის 6-თვიანმა მუშაობამ დაგვანახა, რომ ნაციონალური მოძრაობა არ გამოსწორებულა, არც გასწორდება და არც არაფერს ნანობს. ერთადერთი, რასაც ნანობენ, არის ძალაუფლების დათმობა, რადგან ამით გამოეცალათ ხალხზე ძალადობის შეუზღუდავი ძალაუფლება.
ყველანი ვადევნებდით თვალს, რომ საგამოძიებო კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ, ყოველი უმძიმესი და სულისშემძვრელი ტრაგედიის მოსმენის შემდეგ, კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრებში ამ ადამიანთა მიმართ თანაგრძნობა და ჩადენილი დანაშაულების გამო სინანული კი არ იღვიძებდა, პირიქით – იწყებოდა დაზარალებულთა ლანძღვა-გინება და ორკესტრირებული ბულინგი. წარმოუდგენელ სიბინძურეებს აბრალებდნენ იმ ადამიანებს, ვინც რეჟიმმა სიცოცხლეს გამოასალმა, ხოლო ცოცხლად დარჩენილებს ბინძური წილისწამებითა და ლანძღვა-გინებით უახლებდნენ ტკივილებს.
იმ შემთხვევებში, როცა ნაციონალური რეჟიმის მიერ მოკლულ ან ნაწამებ პირებს ჩადენილი ჰქონდათ კონკრეტული დანაშაული, ნაცრეჟიმის დღევანდელ აქტივისტ-აგიტატორებს აქცენტი გადაჰქონდათ ამ – ზოგჯერ რეალურად ჩადენილ, ზოგჯერ კი მოგონილ და დაბრალებულ – დანაშაულებზე, თითქოს ეს რამენაირად ამართლებს ადამიანის წამებასა და მკვლელობას. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი ამბავია – პოლიტიკური პარტიების აქტივისტები და მხარდამჭერები, ერთი მხრივ პოზიციონირებენ, როგორც პროდასავლური პოლიტიკური ძალები და, ამავდროულად, ამართლებენ ადამიანთა წამებას და მკვლელობებს მათ მიერ თითქოსდა ჩადენილი დანაშაულის გამო, დამნაშავეებად აცხადებენ ადამიანებს ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, ამართლებენ და ტაშს უკრავენ ამ ადამიანთა წამებისა და მკვლელობის შემზარავ ისტორიებს.
თუმცა, იმ ისტორიების პარალელურად, როცა რეჟიმის მსხვერპლთ თითქოსდა ან რეალურად ჩადენილი ჰქონდათ კონკრეტული დანაშაული, ჩვენ მოვისმინეთ ისტორიები, როდესაც რეჟიმის მსხვერპლებს არც ჰქონდათ რაიმე დანაშაული ჩადენილი და არც არსებობდა ეჭვი, ასეთი დანაშაულის სავარაუდო ჩადენის შესახებ. მაგალითად, ასეთი შემთხვევა იყო თბილისში, ნავთლუღის ბაზრობის წინ, ქუჩაში სამი აჭარელი ახალგაზრდის – მარად ართმელიძის, რომან სურმანიძის და შოთა გორგაძის – დახვრეტის ისტორია. საზოგადოებაში შიშის დათესვის მიზნით, კონსტიტუციურ უსაფრთხოების დეპარტამენტში შეთხზეს ლეგენდა, თითქოს ვინმე აპირებდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე თავდასხმას პატიმართა გათავისუფლების მიზნით, მსხვერპლად შეარჩიეს ეს სამი უდანაშაულო ახალგაზრდა და ქუჩაში დახვრიტეს ისინი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოწმეთა ჩვენებებითა და დამნაშავეთა აღიარებითი ჩვენებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ ამ ბიჭებს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ და არც განუზრახავთ მისი ჩადენა; დადგენილია, რომ მათ არათუ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ დაკავების დროს ან დაკავების შემდეგ, პირიქით – ქუჩაში დაჩოქილები, ხელებაწეული იხვეწებოდნენ, რომ ისინი არ მოეკლათ, მაგრამ ცივსისხლიანად ჩაცხრილეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მეტიც, ბოლოში საკონტროლო გასროლაც მიაყოლეს თითოეულ მათგანს.
ასეთი ისტორიები ბევრია, მაგრამ ნაცრეჟიმის დღევანდელი ადეპტები აგრძელებენ მათ მიერვე დაწერილი სისხლიან ისტორიას და რასაც მაშინ წამებით და მკვლელობით აკეთებდნენ, იმის მიღწევას დღეს მათივე მსხვერპლებისთვის ტყუილის დაბრალებითა და ცილისწამებით ცდილობენ.
და, როცა კომისიის სხდომებზე ვისმენდით რეჟიმის მსხვერპლების მსგავს სისხლისგამყინავ ისტორიებს მკვლელობებზე, წამებაზე, ადამიანების ფსიქოლოგიურ და მორალურ დამცირებასა და განადგურებაზე, ბიზნესების წართმევაზე, ადამიანთა პირადი ცხოვრების შანტაჟზე, პარალელურად, აბსოლუტურად ორგანიზებული ფორმით, გრძელდებოდა ამ ადამიანებზე თავდასხმები ტელევიზიებსა და სოციალურ პლატფორმებზე.
კომისიის სახელით ბოდიშს ვუხდი იმ ათასობით ადამიანს, ვისაც კომისიაზე მოსვლა უნდოდა და ვერ მოვიყვანეთ დროის სიმცირის გამო. ბევრი მათგანი დღესაც გვირეკავს კომისიის წევრებს და გამოთქვამენ წუხილს, რომ უნდოდათ მათ თავს დატეხილი ტრაგედია საზოგადოებისთვის გაეცნოთ. ბოდიშს ვუხდი ქალბატონ ცაცი შონიას, ჩემი სოფლიდან – ჭუბერიდან, რომლის შვილიც, 23 წლის ბიჭი, გელა ცინდელიანი საკუთარ ეზოში დახვრიტა სპეცრაზმმა, რომელიც სოფელში მისი ძმის დასაკავებლად იყო ჩასული. რეჟიმის არაერთმაა მსხვერპლმა ვერ შეძლო კომისიაზე მოსვლა, რადგან მათ, უბრალოდ, არ შეეძლოთ მათ მიერ გადატანილი ტკივილის გახსენება და განახლება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.