თეონა აქუბარდიამ გახარიას პარტია დატოვა
თეონა აქუბარდიამ გახარიას პარტიასთან თანამშრომლობა გაწყვიტა და ბრძოლას დამოუკიდებლად გააგრძელებს. ამის შესახებ აქუბარდია, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც აქუბარდია აღნიშნავს, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე ქვეყნის კონსტიტუციურ გზაზე დაბრუნება ვერ მოხდება.
„გიზიარებთ ჩემს გადაწყვეტილებას, კვლავ დამოუკიდებლად გავაგრძელო ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, რის გამოც შევედი პოლიტიკაში 2020 წელს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას გახლდით „გახარია საქართველოსთვის“ პარტიულ სიაში უპარტიო წევრი და ვმუშაობდი ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოების ინტერესების ირგვლივ. მე, ისევე როგორც ჩემმა თორმეტმა თანაგუნდელმა, არათავისუფალ და არასამართლიანად ჩატარებული არჩევნების შემდეგ არ მივეცით ივანიშვილის ერთპარტიულ პარლამენტს ლეგიტიმაცია. ბუნებრივია, რეჟიმის მიერ ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსის ამოტრიალების, მასობრივი რეპრესიების ფონზე ვიყავი და ვრჩები წინააღმდეგობაში.
ოპოზიციის შეცდომები დღეს აქტუალური თემაა და ამაზე ბევრი შეიძლება ითქვას, თუმცა მთავარი შეცდომა არა პარლამენტში არშესვლა, არამედ საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანი ხედვის არარსებობა და ურთიერთდაპირისპირებაა, მაშინ როდესაც ქვეყანა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. კვლავ მტკიცედ მჯერა, რომ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე ქვეყნის კონსტიტუციურ გზაზე დაბრუნება ვერ მოხდება. ამიტომ გავაგრძელებ ბრძოლას შესაძლებლობის ფარგლებში იმ მიზნისთვის, რასაც ერთიანი ევროპული საქართველო ჰქვია. მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდა ამ მიზნისთვის ბრძოლაში. მჯერა, ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ“, – წერს თეონა აქუბარდია.