თორნიკე ჭეიშვილი პრეზიდენტის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე: პრეზიდენტს აქვს კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ გამოიყენა შეწყალების უფლებამოსილება ზუსტად ახლა აღნიშნულ ორ პირთან მიმართებით

„პრეზიდენტის ამ ნაბიჯმა იოტისოდენა საბაბიც კი არ დატოვა იმისათვის, რომ ვინმემ ამ ქვეყანაში ილაპარაკოს იმაზე, რომ წინასაარჩევნო გარემო რაიმე ფორმით არ არის თავსებადი იმ ცნებასთან და კრიტერიუმთან, რასაც თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნები ჰქვია,“ – ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, „დღის ქრონიკაში“ პრეზიდენტის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მოყოლებული 2012 წლიდან, თითოეული არჩევნები სწორედ ამგვარ დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარებულა. არც ეს არჩევნებია გამონაკლისი.

„პრეზიდენტს აქვს კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ გამოიყენა შეწყალების უფლებამოსილება ზუსტად ახლა აღნიშნულ ორ პირთან [ხაზარაძე-ჯაფარიძე] მიმართებით. რაც ამ განცხადებას მოჰყვა, წარმოაჩენს იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკურ აგონიაშია. ერთმანეთსაც აღარ ინდობენ. პრეზიდენტის ამ ნაბიჯმა იოტისოდენა საბაბიც კი არ დატოვა იმისათვის, რომ ვინმემ ამ ქვეყანაში ილაპარაკოს იმაზე, რომ წინასაარჩევნო გარემო რაიმე ფორმით არ არის თავსებადი იმ ცნებასთან და კრიტერიუმთან, რასაც თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნები ჰქვია.

ახლა თუ რაიმე შესაძლებლობა გააჩნიათ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს, რომ დამატებით მოიზიდონ ამომრჩეველი, რაშიც მე სერიოზულად ეჭვი მეპარება, მათ ხელშია ყველა შესაძლებლობა, რომ აქტიურად აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მოყოლებული 2012 წლიდან, თითოეული არჩევნები სწორედ ამგვარ დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარებულა. არც ეს არჩევებია გამონაკლისი“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, საპატიმრო დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები