რუსეთი: ქართული მხარის მოსაზრებები აფხაზეთის ანექსიის შესახებ საშიში სპეკულაციაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გრიგორი კარასინის და ჰერბერტ ზალბერგის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიის საკითხებში საუბარი გუშინ, 20 ოქტომბერს შედგა. მხარეებმა ჟენევის დისკუსიები განიხილეს.
ზალბერგმა სამხრეთ კავკასიის რეგიონი მოინახულა, მან კარასინს თბილისში გამართული შეხვედრებისგან მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა, კერძოდ, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალი შეთანხმების მომზადების შესახებ ისაუბრა.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, კარასინმა აღნიშნა, რომ რუსეთ-აფხაზური ურთიერთობები 2008 წლის 17 სექტემბრის „დიდი“ შეთანხმების და შემდგომი 6 წლის მანძილზე კიდევ თითქმის 80 დოკუმენტის საფუძველზე ვითარდება. „მოცემულ პირობებში მოსკოვმა და სოხუმმა საჭიროდ ჩათვალეს ორმხრივი თანამშრომლობის სამართლებრივი ჩარჩოების სისტემატიზაცია და განახლება. ამასთან თანასწორობის, სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემის და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპები, რომლითაც მხარეები რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების მომენტიდან ხელმძღვანელობენ, – შეუცვლელია“, – ნათქვამია განცხადებაში. როგორც რუსეთის საგარეო უწყებაშია აღნიშნული, „ქართული მხარის მოსაზრებები ვითომც და აფხაზეთის „ანექსიის“ შესახებ – არაკეთილსინდისიერი და საშიში სპეკულაციაა, რომლებსაც სერიოზულად შეუძლია ჟენევის დისკუსიების ატმოსფეროს ჩაშხამება“. კარასინის განცხადებით, ევროკავშირი და რუსეთისთვის მნიშვნელოვანი დისკუსიების სხვა თანათავმჯდომარეები ძალისხმევას გამოიჩენენ იმისთვის, რომ მოვლენების მსგავსი განვითარება არ მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები