სახალხო დამცველი, გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
2025 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდნენ.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ბავშვის უფლებათა დაცვის მდგომარეობა და ამ კუთხით სახალხო დამცველის აპარატისა და UNICEF-ის ბოლო დროინდელი საქმიანობა განიხილეს. იასპერ მოლერმა სახალხო დამცველს საქართველოს შესახებ ორგანიზაციის პერიოდული ანგარიშის ძირითადი მიგნებები, ასევე მიმდინარე და სამომავლო პროექტების მიმართულებები გააცნო.
მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაზე საუბრისას მხარეებმა ბავშვის უფლებათა საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და სახელმწიფო უწყებების მიერ ბავშვთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მექანიზმის დახვეწის საჭიროებას, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების უფლებრივ მდგომარეობასა და ბარნაჰუსის მოდელის გეოგრაფიული გაფართოებისა და გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.