ნათია თურნავა და ნინო ჯელაძე სსფ-ის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის მისიის წევრებს შეხვდნენ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC ) წევრებს შეხვდნენ. მისიას საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით IMF-ის რეზიდენტი მრჩეველი სერდარ გუნერი და IMF-ის ექსპერტი ლინდა ვარ გურმი წარმოადგენენ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მისიის ძირითადი მიზანი საბანკო ჯგუფის კონსოლიდირებული ზედამხედველობის პრინციპების, საბანკო ზედამხედველობის პროცესისთვის კონსოლიდირებული ზედამხედველობის მნიშვნელობისა და შესაძლო თანამდევი გამოწვევების განხილვაა.

მათივე ცნობით, შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საბანკო სექტორის მიმდინარე მდგომარეობა, მათ შორის, საბანკო ჯგუფების კონსოლიდირების ჭრილში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. კერძოდ, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტისა და ევროკავშირის სტანდარტები და მიდგომები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩოს შემდგომი განვითარებისთვის.

„საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით IMF-ის მისიის წევრები ასევე შეხვდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტისა და სხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი, საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობის საკითხზე 2017 წლიდან ამახვილებს ყურადღებას. დღეს ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან ქართული ბანკები აგრძელებენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოპერირებას და ტრანსსასაზღვრო საქმიანობის დივერსიფიკაციას.

ამ მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სსფ-ს ტექნიკური დახმარებისთვის (TA) მიმართა. ტექნიკური დახმარების მიზანია საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება“, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები