აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებს შეხვნენ
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის დევნილ ომის ვეტერანებთან შეხვედრა გამართეს.
დავით ფაცაციამ, აფხაზეთის მკვიდრთა საკეთილდღეოდ, უანგარო სამოქალაქო მოღვაწეობისთვის, აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს ხელმძღვანელი ლევან ქეცბაია დააჯილდოვა.
შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს ვეტერანების წინაშე არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე, რომლებიც ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ლევანს, იმისთვის რაც მან გააკეთა ჩვენი საამაყო გმირების სახელის უკვდავსაყოფად, მათი მემორიალების გაკეთილშობილებისთვის და რასაც აკეთებს აფხაზეთისთვის, აფხაზეთის საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობისთვის.
ჩვენ მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსით მონაწილეობა მივიღოთ ყველა იმ სამშვიდობო პროცესში, რაც საქართველოს სიყვარულს, ერთიანობისთვის ბრძოლას და უკეთესი მომავლის მშენებლობას უკავშირდება.“ – განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.