„პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰუმანური აქტია, შეიწყალა ორი დამნაშავე“, – ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას გამოეხმაურა.
მანვე განმარტა, რა მოტივი ამოძრავებდა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს აღნიშნული პოლიტიკოსების შეწყალებისას.
„მათ შეწყალებას არანაირ ლეგიტიმაციასთან არ აქვს კავშირი. ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი იძლევა, როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა მშვიდობას, არა აგენტურას, არა ბოროტებას და ომში ჩათრევას. შესაბამისად, იგივეა ახლა. თუ მათ არ აქვთ სურვილი შეწყალების, ჩაიკეტონ და არ გამოვიდნენ, არავინ აძალებს. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გაათავისუფლა იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას იღებენ. გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ რომელი პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსიც მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, მისი მხრიდან მათ მიმართ კონკრეტული ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კანონის დაცვა მართებს ყველას, მიუხედავად სტატუსისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ. შეიძლება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ რაღაც დონის ურთიერთპატივისცემა მნიშვნელოვანია. რატომ უნდა გიხაროდეს ვინმეს დაკავება, თუმცა, ტყუილად ხომ არ არიან დაკავებულები. როდესაც დანაშაულს ჩადიხარ, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. კანონის დაცვა ყველას მართებს, არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა თანამდებობა აქვს, ეს იქნება ჟურნალისტი, ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი და ა.შ. პოლიტიკაში ყოფნა ვერ იქნება ფარი დანაშაულის ჩადენისას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.