სოზარ სუბარი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის დამტკიცებაზე: ეს არის დასკვნა, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ისტორიამ კიდევ ერთხელ გაასამართლოს და განსაჯოს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი
„საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ოქტომბრამდე მომზადდეს საკონსტიტუციო სარჩელი. ეს სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და სასამართლოს ექნება საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა”, როგორც რეჟიმი გაასამართლოს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, როცა უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად იძლევა საპარლამენტო კომისიის დასკვნა ნაციონალური მოძრაობის, როგორც პარტიის აკრძალვის საფუძველს.
ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას, სოზარ სუბარი იმ ინციდენტსაც შეეხო, რასაც ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების” წევრის, საკრებულოს წევრობის კანდიდატის ბექა ოდიშარიას მიმართ, როდესაც მას თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნისას რადიკალი აქტივისტები აგრესიული და შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ.
„ადამიანის სახე აქვთ დაკარგული, ჩამოყალიბდნენ აგრესიულ სექტად, რომელიც ვერ აცნობიერებს სად ცხოვრობს, ვერ აცნობიერებს, რა ხდება ქვეყანაში, რა ხდება მათ გარშემო და ვერ აცნობიერებენ, როგორ აქვთ ადამიანის სახე დაკარგული. უბრალოდ, ძალიან საცოდავები არიან, მათი მატარებელი დიდი ხნის ჩავლილია, ქვეყანა კი თავისი გზით ვითარდება და ეს გზა იქნება უკეთესი საქართველოს აშენება. ამისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია სწორედ საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც პარლამენტმა დღეს დაამტკიცა. ის უკვე აღარაა კომისიის დასკვნა – ესაა საქართველოს პარლამენტის დასკვნა, რომელიც ძალიან სერიოზული დოკუმენტია. ეს არის მხოლოდ აისბერგის წვერი, მცირე ნაწილი იმ საშინელებებისა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა” ჩადიოდა ქართველ ხალხის, საქართველოს მოქალაქეების და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
როგორც წვეთ წყალში ირეკლება ოკეანე, ისე ირეკლება ამ დასკვნაშიც ის საშინელება, რასაც რეჟიმი ჩადიოდა – დანაშაულები მრავალი მიმართულებით, რასაც სააკაშვილის რეჟიმი მისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში სჩადიოდა და რასაც დღესაც აგრძელებენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით.
ეს არის დასკვნა, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ისტორიამ კიდევ ერთხელ გაასამართლოს და განსაჯოს სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი. სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ოქტომბერში, როდესაც მომზადდება საკონსტიტუციო სარჩელი, ის შევა საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოს ექნება საკმარისზე მეტი მტკიცებულებები იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა”, როგორც რეჟიმი, პოლიტიკური მოვლენა და როგორც პარტია (და მასთან ერთად მისი სატელიტი პარტიები) გაასამართლოს, რათა მათ მომავალში მაინც არ ჰქონდეთ ქართული სახელმწიფოს ნგრევის შესაძლებლობა”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.