თბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსებების მძღოლების პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

თბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსების მძღოლის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსს აცხადებს.

როგორც დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დაინტერესებულ პირებს უნდა გააჩნდეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „D“ ან „E“ კატეგორია.

„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიებთან დაკავშირებით და ვისაც სურვილი გაქვთ, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა. საკითხი ეხება ავტობუსის მძღოლებს. ავტობუსების ახალი პარტია ძალიან მალე დაიწყებს მოძრობას თბილისის ქუჩებში. მძღოლის საშუალო გამომუშავებული ანაზღაურება განსხვავდება ავტობუსების სიგრძის მიხედვით და მერყეობს 3 600-დან 5 000 ლარის ფარგლებში (დარიცხული). დასაქმებული პირები ასევე ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით.

კონკურსში მონაწილე დაინტერესებულ პირებს უნდა გააჩნდეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „D“ კატეგორია, ხოლო 18-მეტრიანი ავტობუსის შემთხვევაში „E“ კატეგორია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება. ისინი ასევე გაივლიან დამატებით გადამზადებას და პროფესიულ სწავლებას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ დაინტერესებულმა პირებმა განაცხადით (რეზიუმე, მოთხოვნილი დოკუმენტაცია) უნდა მიმართონ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ მისამართზე: სადგურის მოედანი №2.

კახა კალაძემ მსურველებს აქტიურობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მძღოლების მხრიდან დაინტერესება იქნება.

მისივე ინფორმაციით, ავტობაზები განლაგებულია ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, ე.წ. გლდანის ხიდებთან, დიდ დიღომში და სამგორის რაიონში.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები