დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილზე: კარგია, რომ თანხვედრა აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლების ხედვებში არის, მაგრამ, გარკვეული უყურადღებობაც შეინიშნება

„ხალხის ძალის” გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისადმი მისი ქართველი კოლეგის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს გამოეხმაურა.

როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მიერ „დიპ სტეიტისადმი” გამოცხადებული ბრძოლა საქართველოზეც ახდენს გავლენას. მისი თქმით, სწორედ ამ მოცემულობამ განაპირობა პრეზიდენტ ტრამპისადმი ღია წერილის გაგზავნის აუცილებლობა.

„პროცესებიც, რომელიც არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოში ვითარდება, „გადატანის” რეჟიმშია. თავად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ახალი ადმინისტრაცია „დიპ სტეიტთან” ამ რეჟიმშია – რომელი რომელს „გადაიტანს”.

რა თქმა უნდა, შედეგობრივად ამაზე ჩვენც ვართ დამოკიდებულები და კარგია, რომ თანხვედრა აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლების ხედვების ბევრ ნაწილში არის. მაგრამ, გარკვეული უყურადღებობაც შეინიშნება და სწორედ ამით იყო განპირობებული პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილი ტრამპისადმი.

ეს პროცესები არის განვრცობადი და გადამდები ჩვენზეც, მით უმეტეს, რომ რეგიონი არის ცხელი მოვლენების ეპიცენტრში. დენთის სუნი ჯერ კიდევ იგრძნობა საქართველოში, იმიტომ, რომ მეზობელი ქვეყნები (ზოგი პირდაპირ და ზოგიც არაპირდაპირ), საომარ მოქმედებებშია ჩართული,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები