ACT: გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ კარგი ცოლი უნდა დაემორჩილოს მეუღლეს

კომპანია ACT-ი ოჯახური და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გამოდის და ერთ-ერთი კვლევის შედეგს აქვეყნებს. ACT-იმ გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში კვლევა 2013 წელს ჩაატარა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, შედეგები აქტუალური და საყურადღებო იყო როგორც მაშინ, ისე დღეს, როდესაც ოჯახური და გენდერული ძალადობის ფაქტებმა მასობრივი ხასიათი მიიღო.
კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა (63%) თვლის, რომ კარგი ცოლი უნდა დაემორჩილოს მეუღლეს, მაშინაც კი, როდესაც არ ეთანხმება მას. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს ქალების 56% და მამაკაცების 72%.
ასევე, რესპონდენტების საკმაოდ დიდი ნაწილი (44%) ეთანხმება დებულებას, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანია, კაცმა აჩვენოს ცოლს/პარტნიორს ვინ არის სახლში უფროსი. ამ შემთხვევაშიც იმასთან ერთად, რომ პრობლემურია ოჯახის შიგნით არსებული იერარქია და მის შედეგად გამოწვეული უთანასწორობა, პრობლემას წარმოადგენს თავად ქალების დამოკიდებულება ოჯახში არსებული მსგავსი სიტუაციის მიმართ. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქალების საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს დაბალი თვითშეფასება და მორჩილებისკენ მიდრეკილება.
საინტერესო იყო გამოკითხულთა მოსაზრება განქორწინებასთან დაკავშირებით. კვლევის მონაწილეების საკმაოდ დიდი ნაწილი (67%) მიიჩნევს, რომ განქორწინება საუკეთესო გამოსავალია როდესაც წყვილი ვერ აგვარებს ოჯახურ პრობლემებს და ხშირად აქვს უთანხმოება (შელაპარაკება, ჩხუბი).
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, პროგრესულად შეიძლება მოვიაზროთ ის რესპონდენტები, რომლებიც თვლიან, რომ ოჯახის შენარჩუნების მიზნით არც ქმარმა და არც ცოლმა არ უნდა მოითმინოს შეურაცხყოფა მეუღლისგან, თუმცა, უფრო მეტი გამოკითხული მოთმენას ცოლის მოვალეობად მიიჩნევს (45%), ვიდრე ქმრის (34%).
აღნიშნულ დებულებებთან დაკავშირებით შემდეგი ვითარება ფიქსირდება გენდერის ჭრილში: ქალების 38% და მამაკაცების 54% მიიჩნევს, რომ ცოლმა უნდა მოითმინოს გარკვეული შეურაცხყოფა ოჯახის შენარჩუნების მიზნით. აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამოკითხული ქალების უფრო მეტი რაოდენობა მიიჩნევს, რომ ცოლმა უნდა მოითმინოს (38%) გარკვეული შეურაცხყოფა ოჯახის შენარჩუნების მიზნით, ვიდრე ქმარმა (32%). ანალოგიური სიტუაცია გვაქვს კაცებთან მიმართებაში, სადაც კაცების უმეტესობა (54%) თვლის, რომ ცოლს მართებს მეტი მოთმენა, ვიდრე ქმარს (36%).
გამოკითხვიდან ირკვევა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლებზე. მათ შორის იმაზე, რომ ქალის ფუნქციაა შვილების მოვლა და აღზრდა, საშინაო საქმეების კეთება, ხოლო კაცის – ოჯახის ეკონომიური უზრუნველყოფა. ასევე, ქალი ქმრის მორჩილი უნდა იყოს და დაუთმოს კაცს ლიდერის პოზიცია სხვადასხვა ასპარეზზე.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ქალებმა იციან, რომ მათი როლი დაქვემდებარებულია და რომ ბევრი რამის დათმობა უწევთ. ამან, თავის მხრივ, არ შეიძლება არ გამოიწვიოს სტრესი, უარყოფითი ემოციები.
კომპანიის განმარტებით, კვლევის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ისეთი საკითხის შესწავლა თუ როგორ ესმის ქართულ საზოგადოებას გენდერული თანასწორობა, რომელია გენდერთან დაკავშირებული ყველაზე მეტად გაბატონებული შეხედულებები და სტერეოტიპები (ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ეისითის მიერ 2012 წელს ჩატარებული კვლევის შედეგს ქალთა დისკრიმინაცია – რამდენად რეალურია პრობლემა?).
აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ორმაგი მორალი. ის, რაც ეპატიება კაცს, არ ეპატიება ქალს, ქალის ქცევა კონტროლდება კაცის, და ზოგადად მთელი საზოგადოების, მხრიდან მეტად, ვიდრე – კაცის.
ACT-ის კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები მანდილოსნების აზრით, ქართველი ქალი, სხვა ქვეყნის ქალებთან შედარებით, მეტი ამტანობით გამოირჩევა. მით უმეტეს, რომ საზოგადოებაც მოითხოვს ქალისაგან, მოითმინოს შეურაცხყოფა ქმრისგან ოჯახის შენარჩუნების მიზნით და იყოს ამტანი, ნაზი, დამთმობი, ოჯახის ერთგული ადამიანი. ამ მდგომარეობას ამტკიცებს ასევე შეხედულება, რომ გაშორება ოჯახის დანგრევად აღიქმება საზოგადოებაში.
როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, საქართველოში და კონკრეტულად, ქართულ ოჯახებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს გარკვეულ იერარქიულ მიმართებებს ოჯახის ქალ და მამაკაც წევრებს შორის. ამას მოწმობს კვლევის შედეგად გამოვლენილი გენდერული სუბორდინაცია და გენდერულ როლებთან დაკავშირებული აღქმები, სტერეოპტიპები და სოციალური ნორმები.
„ურთიერთობები და ძალაუფლებრივი მიმართებები ოჯახში უდაოდ ახდენს გავლენას მისი წევრების ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც ადამიანის ქცევაში პოულობს გამოხატულებას. ქალის დაქვემდებარებული როლი ოჯახში და ნებისმიერი ტიპის შეზღუდვა შესაძლოა უარყოფითად აისახოს ქალის თვითშეფასებაზე, რამაც განაპირობოს მისი დაქვემდებარებული ქცევა ოჯახის გარეთაც”, – აცახდებენ ACT-ში.
როგორც კვლევის შედეგები ცხადყოფს, ქართული ტრადიციული აღქმები და ჩვეულებები ქართველ ქალს ხატავს როგორც მორჩილ ცოლს, დიასახლისსა და დედას.
წარმოდგენილი კვლევითი პროექტის ძირითადი მიზანი იყო ქართული საზოგადოების დამოკიდებულებების შესწავლა გენდერულ თანასწორობასთან მიმართებაში. კვლევა მოიცავდა რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევით კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 1760 პირისპირ ინტერვიუ მთელი საქართველოს მასშტაბით.
თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 16 ფოკუსური ჯგუფი ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებელ ქალებთან – 8 ჯგუფი ჩატარდა სამეგრელოში, ხოლო 8 კახეთში.
კომპანია ACT გმობს ქვეყანაში განსაკუთრებით ბოლო დროს ქალებზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს და ძალადობის აღკვეთის უფრო ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებასა და გენდერულ საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების განათლების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები