თეა წულუკიანი: საგამოძიებო კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, სხვა შესაბამისი ორგანოების ხელშეწყობით, უზრუნველყოს 2004-2013 წლებში გაცემული ჯილდოების საკითხის გადასინჯვა, განსაკუთრებით კი, იმ პირების შემთხვევაში, რომელთაც ადამიანის წინააღმდეგ დანაშაული აქვთ ჩადენილი
“მიუხედავად იმ ფაქტებისა, რაც წინამდებარე დასკვნაშია მოყვანილი, მიხეილ სააკაშვილმა არაერთი პირი, რომელიც თავად სჩადიოდა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას, ან სათავეში ედგა ძალადობრივ სისტემას, საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა. საგამოძიებო კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, სხვა შესაბამისი ორგანოების ხელშეწყობით, უზრუნველყოს 2004-2013 წლებში გაცემული ჯილდოების საკითხის გადასინჯვა, განსაკუთრებით კი, იმ პირების შემთხვევაში, რომელთაც ადამიანის წინააღმდეგ დანაშაული აქვთ ჩადენილი, “ – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.
თეა წულუკიანის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლება არ ახდენდა რეაგირებას არაადამიანურ მოპყრობაზე და ასევე, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უარს ამბობდნენ წამების ფაქტების გაშუქებაზე.
„სასამართლო ხელისუფლება არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რითაც უხეშად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობასა და ევროპულ კონვენციას; ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უარს ამბობდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქებაზე; ბევრ სხვა მტკიცებულებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის 2012 წლის 19 ივნისის საპარლამენტო გამოსვლის სულისკვეთება და შინაარსი ცალსახა დასტურია იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2006 წელს გამოცხადებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკა 2012 წელსაც ურყევი იყო და „ნაციონალურ მოძრაობას“ მის მიერ საქართველოში დამკვიდრებული სასჯელაღსრულების არაადამიანური სისტემის შეცვლის, გამრუდებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გამოსწორებისა და გაჰუმანურების არავითარი ნება და სურვილი არც მომავალში არ გააჩნდა“,- აცხადებს თეა წულუკიანი.