“თუ ევროკავშირი არის ორგანიზაცია, რომელიც თავისივე მიღებულ კანონებს პოლიტიკური იდეოლოგიის გამო გადახევს, მაშინ დავფიქრდეთ – საით მიდის ასეთი ევროპა” – ქადაგიშვილი

“თუ ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელიც თავისივე მიღებულ კანონებს და წესებს პოლიტიკური იდეოლოგიის გამო გადახევს და ასეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს, მაშინ დავფიქრდეთ – საით მიდის ასეთი ევროპა. თუ უვიზო რეჟიმს თავისი ლოგიკური წესები ჰქონდა და ეს წესები შევასრულეთ და დღემდე ვასრულებთ, მაშინ რაზეა ეს ყველაფერი დამყარებული?”, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მთავრობამ უკვე შესაბამისი პასუხები გაგზავნა კითხვარზე.

“აქედან გამომდინარე, ჩვენ ორი რამ უნდა დავინახოთ: ერთია კონკრეტული სამართლებრივი კრიტერიუმები, რითაც უვიზო რეჟიმის შემოღება ან ამასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებების ინიციირება ხდება. ჩვენ ამ წესებისა და კანონების მიმართ ყველა პირობა შესრულებული გვაქვს. აქ შემოტანილია დამატებით პოლიტიკური რიტორიკა, რომ საქართველოში ოჯახური ფასეულობების დაცვა არ უნდა ხდებოდეს და ლგბტ პროპაგანდა წახალისებული უნდა იყოს. ეს არც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა განაწესში და მით უმეტეს არც ვიზალიბერალიზაციის საკითხში არ წერია. დემოკრატიის არცერთ პრინციპთან არ მოდის წინააღმდეგობაში გამჭვირვალობა – მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების. ამიტომ, სურათი ნათელია – ერთია ის, რაც საქართველოს კანონით ევალება და რასაც ჩვენ პირნათლად ვასრულებთ. მეორე არის გარკვეული იდეოლოგიური „მეინსტრიმი“. ცდილობენ, რომ ეს იდეოლოგია ჩვენთან იყოს დანერგილი. ამიტომ, ჩვენ ამ იდეოლოგიას არ ვეთანხმებით, სხვა დამოკიდებულება გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ევროპა არის წესები, რომელიც ქაღალდზეა დატანილი. თუ გვეტყვიან რომელ ქაღალდზე დატანილ წესს ვერ აკმაყოფილებს საქართველო, მაშინ კარგი. მაგრამ თუ გვეუბნებიან, რომ ჩვენთან კანონში ლგბტ პროპაგანდა უნდა იყოს წახალისებული, ეს ევროკავშირის არცერთ სადამფუძნებლო თუ სხვა სამოქმედო დოკუმენტში არ არის. საქართველოს ადამიანის უფლებები მაღალი სტანდარტით არის დაცული“, – თქვა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები