თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თბილისში, თამარაშვილის ხეივანში დაარსებულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების სახელმწიფო პროგრამის და მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
„30 აგვისტოს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს ომის უმძიმეს შედეგებს შორის – უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახების მძიმე ხვედრს. დედაქალაქთან ერთად, ბათუმსა და ქუთაისში, გორსა და ზუგდიდში დაარსებულ მემორიალებთან, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, წელსაც, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად აღვნიშნავთ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს და თანადგომას, თანაგრძნობას ვუცხადებთ იმ 2000-მდე ოჯახს, რომლებმაც მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას მარად ემახსოვრებათ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაკარგული ჩვენი თანამოქალაქეები, სამხედრო პირები, გმირები და მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე. ჩვენ კი განუხრელად, გაძლიერებული ძალისხმევით განვაგრძობთ სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, ოჯახების ნება-სურვილის მაქსიმალური გათვალისწინებით, სწორედ იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად მეტ ადამიანზე მოვიძიოთ ინფორმაცია გაუჩინარებულთა ხვედრის და ადგილსამყოფლის თაობაზე და დავასრულოთ ოჯახების ხანგრძლივი გაურკვევლობა და მოლოდინი. მსურს, მადლობა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიებების ყველა მონაწილეს, ოჯახებს, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, შეტანილი წვლილისა და გაწეული თანადგომისთვის,”- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და მასპინძლობით, როგორც დედაქალაქში, ასევე გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებთან ერთად, ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
საქართველოში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2000-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. დღემდე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იდენტიფიცირებულ იქნა და ოჯახებს დაუბრუნდა 323 პირის ნეშტი.