პრეზიდენტი მომავალი წლის ქალის წლად გამოცხადებას უჭერს მხარს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ბოლოს დროს ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებული ფაქტები და მათი პრევენცია იყო.
ქვეყნის პირველმა პირმა სასულიერო ლიდერების მოსაზრება მოისმინა, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული პრობლემის მოგვარება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია კომპლექსური სამუშაოების შესრულება. საუბარი შეეხო ამ მხრივ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. ასევე ითქვა, რომ აღნიშნულ პრობლემას სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. სასულიერო პირების განცხადებით, საკუთარ მრევლთან ამ მიმართულების მუშაობას გააღრმავებენ.
“ჩვენ შევხვდით საქართველოში მოღვაწე სასულიერო ლიდერებს იმ ტრაგედიებთან დაკავშრებით, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა. ერთმანეთს გავუზიარეთ ის ტკივილი, რომლიც ყველას ერთად გვაწუხებს და გადავწყვიტეთ, რომ, უპირველესად, ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა, უფრო გრძელვადიანი. იყო ასეთი იდეაც, რომელსაც მე მხარი დავუჭირე, რომ 2015 წელი გამოცხადდეს ქალის წლად და ამ ძალიან დიდ პრობლემას ერთობლივად დავუპირისპირდეთ. ერთი მხრივ, ჩემს რიტორიკაში ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ ამ პრობლემას. მეორე მხრივ, თავის ქადაგებებში ყველა სარწმუნოება გააქტიურებს ამ საკითხს. მესამე – ჩვენი შეხვედრა დავიწყეთ იმით, რომ ჩვენ ავიღეთ ის წილი პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს სახელმწიფოს. თუმცა, გავიაზრეთ ისიც, რომ მარტო სახლმწიფო ამას ვერ დაძლევს და საჭიროა ერთად დგომა. იმედი მაქვს ეს პოზიტიურად აისახება პრობლემის მოგვარებაზე”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეხვედრას პირველი ლედი მაკა ჩიჩუაც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები