“საკადრო ცვლილება ჯანსაღი პროცესია, მამუკა მდინარაძე მაღალი დონის პროფესიონალია და სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის გამოცდილება აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, “ანრი ოხანაშვილი ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე რჩება”.
„სახელმწიფოში საკადრო გადაადგილება ჯანსაღი პროცესია. ამიტომ, ამაში გასაკვირი არაფერია. ანრი ოხანაშვილი ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე რჩება, მისი გამოცდილება ახალი ფუნქციების შესრულებაში წაადგება. მას გაწეული სამუშაოსთვის მადლობას ვუხდი. მამუკა მდინარაძეს კი წარდგენა არ სჭირდება, ის მაღალი დონის პროფესიონალია, რომელსაც სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის გამოცდილება აქვს. მამუკა მდინარაძე საკუთარი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტია. რაც შეეხება რადიკალების განცხადებებს, თუ ვინმე და რამეა ქვეყანაში ჩამოშლილი და ჩამონგრეული, ეს რადიკალური ოპოზიციაა, რომელიც ლაბირინთიდან თავგზას ვერ იგნებს, ამ ლაბირინთებიდან ვეღარ გამოდის. დღეს რადიკალური ოპოზიცია უსუსტეს მდგომარეობაშია. 90-იანი წლებიდან დღემდე, საქართველო ყველაზე დამოუკიდებელია ძლიერი ინსტიტუციებით. ოპოზიციის განცხადებები როგორი სუსტია, ამას საზოგადოება ხედავს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.