ია მეტრეველი: მერაბიშვილისთვის სამწლიანი სასჯელის შეფარდება საზოგადოების დაცინვაა

2004 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე შს ყოფილი მინისტრისთვის ვანო მერაბიშვილისთვის სამწლიანი სასჯელის შეფარდების გადაწყვეტილებას არასამართლიანს და არაადეკვატურს უწოდებს.
როგორც ია მეტრეველმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, დღევანდელი განაჩენით დადასტურდა, რომ სასამართლოს კვლავ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მართავენ.
“ვანო მერაბიშვილისთვის, რომელმაც თავის მეუღლესთან ერთად სანდრო გირგვლიანის ბარბაროსული მკვლელობა დაუკვეთა, სამი წელიწადის მისჯა საზოგადოების დაცინვაა და მეტი არაფერი. ძალიან გულნატკენი და იმედგაცრულებული ვარ. ვფიქრობდი, მოსამართლე ახლა მაინც ვეღარ გაბედავდა ასეთი არაადეკვატური განაჩენის გამოტანას. რა აზრი აქვს ასეთი სასამართლოს ფუნქციონირებას, რომელსაც ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის“ გავლენა აქვს და ჯერ კიდევ იგივე მოსამართლეებს გამოაქვთ განაჩენები, რომლებიც ათი წლის მანძილზე ხალხს აუბედურებდნენ?!“ – განუცხადა “კვირას“ ია მეტრეველმა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელიც ორ ეპიზოდს მოიცავს, ვანო მერაბიშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მერაბიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 341-ე მუხლებით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც სამსახურებრივ სიყალბეს და უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები