თურქული კულტურის დღეები ქარვასლაში ხვალ გაიხსნება
20 ოქტომბერს 19:00 საათზე თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ თურქული მოდების ჩვენება გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ დაესწრებიან.
ჩვენებაზე წარმოდგენილი იქნება ტრადიციული თურქული კოსტიუმები, მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
თურქეთის კულტურის დღეები 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. 24 ოქტომბერს 18:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში თურქული ხალხური ცეკვების კონცერტი გაიმართება. ბილალ ქარამანი ამერიკის გიტარის ასოციაციის მიერ დასახელებულია ჯაზის გიტარისტებს შორის ყველაზე პერსპექტიულ შემსრულებელად.
7 ნოემბერს, 18:00 საათზე – სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ცნობილი თურქი მხატვრის დევრიმ ერბილის ნახატების გამოფენა მოეწყობა თემაზე: „სტამბოლი და პოეტური აბსტრაქციები“ – ექსპოზიცია 21 ნოემბრამდე გაგრძელდება.
14 ნოემბერს, 19:00 საათზე – ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრში დერვიშების წარმოდგენა გაიმართება, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი სტამბოლის ისტორიული თურქული მუსიკის ანსამბლი წარმოადგენს.
20 ნოემბერს, 19.00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში თურქეთის კულტურის დღეებს ცნობილი თურქი დირიჟორის ემრე არაჯის კლასიკური მუსიკის კონცერტი დაასრულებს თემაზე: „ევროპული მუსიკა ოსმალურ პერიოდში“, ნიკოლოზ რაჭველის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის შესრულებით.
ღონისძიებების მიზანია თურქ და ქართველ ხალხებს შორის კულტურის სფეროში კავშირების განმტკიცება და თურქული კულტურის სხვადასხვა დარგების ქართველი ხალხისათვის გაცნობა.