ზელენსკი – “ევროპა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მონაწილე უნდა იყოს”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროპა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მონაწილე უნდა იყოს.

ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

“მე ვესაუბრე გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს. უკრაინა და გერმანია იზიარებენ მოსაზრებას, რომ ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ღირსეული მშვიდობით და ამ ომის დასრულების პარამეტრები ჩამოაყალიბებს ევროპის უსაფრთხოების ლანდშაფტს მომავალი ათწლეულების განმავლობაში.

ომი მიმდინარეობს ევროპაში და უკრაინა ევროპის განუყოფელი ნაწილია – ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამიტომ, ევროპა უნდა იყოს შესაბამისი პროცესების მონაწილე. ჩვენ შევათანხმეთ ჩვენი პოზიციები გერმანიასთან. ფრიდრიხთან ერთად შევთანხმდით, რომ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ.

დღეს, უსაფრთხოების მრჩევლები ონლაინ შეხვედრას გამართავენ ჩვენი ერთობლივი შეხედულებების შესაჯერებლად. გუშინ ასევე განიხილეს ლიდერების დონის შეხვედრების სხვადასხვა პოტენციური ფორმატები მშვიდობის მისაღწევად – ორი ორმხრივი და ერთი სამმხრივი. უკრაინას არ ეშინია შეხვედრების და რუსული მხრიდანაც იგივე მამაცურ მიდგომას ელის. დროა, ომი დავასრულოთ. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება”,- დაწერა უკრაინის ლიდერმა.

ცნობისთვის, დღეს კრემლში დაადასტურეს, რომ მომდევნო კვირაში რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები