ჰააგაში მდებარე გაერო-ს უზენაესმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებს უფლება აქვთ, ერთმანეთის წინააღმდეგ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზიანის გამო სამართლებრივი სარჩელი შეიტანონ,- ამის შესახებ BBC წერს.
სასამართლოს დასკვნის მიხედვით, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები საკმარისია იმისთვის, რომ სახელმწიფოებმა კონკრეტულ ქვეყნებს კლიმატის ცვლილების გაუარესებაში წვლილისთვის პასუხი მოსთხოვონ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სავალდებულო არ არის, თუმცა, იურიდიული ექსპერტების თქმით, მას შესაძლოა, ფართომასშტაბიანი შედეგები მოჰყვეს.
როგორც “ბიბისი” წერს, ეს კლიმატის ცვლილების მიმართ ძალიან დაუცველი ქვეყნების გამარჯვებად ჩაითვლება, რომლებმაც სასამართლოში პრობლემის მოგვარებაში გლობალური პროგრესის არარსებობის გამო იმედგაცრუება განიცადეს.
მოსაზრების საფუძველი ვანუატუს ინიციატივა იყო. ეს არის მცირე კუნძულოვანი ქვეყანა, რომელიც კლიმატის კრიზისის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე ზემოქმედებას განიცდის. ინიციატივას 130-ზე მეტი ქვეყანა დაეთანხმა და ჰააგას სასამართლოს სთხოვა, გაეცა იურიდიული განმარტება იმის შესახებ, რა პასუხისმგებლობა აკისრებთ სახელმწიფოებს გლობალური დათბობის პირობებში.
კლიმატის დამცველები და იურისტები იმედოვნებენ, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილება გზას გაუხსნის კომპენსაციის მიღებას იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ისტორიულად ყველაზე მეტ წიაღისეულ საწვავს წვავდნენ და შესაბამისად, ყველაზე მეტად არიან პასუხისმგებელნი გლობალურ დათბობაზე.
საერთაშორისო სამართლის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სასამართლოს დასკვნა გზას უხსნის სამართლებრივი დავების ახალ ტალღას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კლიმატური კატასტროფების შედეგებს უკვე განიცდიან.