დასავლელმა ლიდერებმა, დაგმეს ღაზაში “ჰამასის” მიერ გადაღებული გამხდარი ისრაელელი მძევლების ვიდეოები, წითელი ჯვარი კი მათ ტყვეობაში მყოფი ყველა ადამიანის მონახულებისკენ მოუწოდებს.
ისრაელელი მძევლები, 21 წლის ბრასლავსკი და 24 წლის დევიდი, 2023 წლის 7 ოქტომბერს, სამხრეთ ისრაელზე “ჰამასის” მეთაურობით განხორციელებული თავდასხმის დროს გაიტაცეს.
ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუ მძევლების ოჯახებს ესაუბრა, გამოთქვა „ღრმა შეშფოთება“ და უთხრა მათ, რომ ყველა მძევლის დაბრუნების მცდელობები გაგრძელდება.
კვირას, ნეთანიაჰუ რეგიონში წითელი ჯვრის ხელმძღვანელს ესაუბრა და მძევლებისთვის საკვებითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფის საკითხში დაუყოვნებლივი ჩართვა სთხოვა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) განაცხადა, რომ „შეძრწუნებულია“ ვიდეოებით, რომლებიც „ადასტურებს იმ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებს, რომლებშიც მძევლები იმყოფებიან“.
საქველმოქმედო ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მძევლებთან შეხვედრის უფლების მინიჭებისკენ, რათა შეფასდეს მათი მდგომარეობა, გაეწიოთ სამედიცინო დახმარება და ხელი შეუწყონ მათ ოჯახებთან დაკავშირებას.
“ჰამასის” შეიარაღებულმა ფრთამ უარყო ბრალდება, რომ განზრახ აშიმშილებს პატიმრებს და განაცხადა, რომ მძევლები მიირთმევენ იმას, რასაც მათი მებრძოლები და ხალხი ჭამენ ღაზაში შიმშილის კრიზისის ფონზე.
ჰამასის შეიარაღებულმა ფრთამ, „ალ-ქასამის ბრიგადებმა“ განაცხადა, რომ დადებითად უპასუხებს წითელი ჯვრის ნებისმიერ მოთხოვნას პატიმრებისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდების შესახებ, თუ ღაზაში ჰუმანიტარული დერეფნები რეგულარულად და მუდმივად გაიხსნება და დახმარების მიღების პერიოდში საჰაერო დარტყმები შეწყდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირის წარმომადგენლები ვიდეოს გამოქვეყნებას მიუღებლად მიიჩნევენ და “ჰამასს” მოუწოდებენ, დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლამიმ, განაცხადა, რომ „პროპაგანდისთვის მძევლების კადრები ამაზრზენია“ და ისინი „უპირობოდ“ უნდა გაათავისუფლონ.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ის „შოკირებულია“ ამ კადრებით და დასძინა, რომ ყველა მძევლის გათავისუფლება ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის აუცილებელი წინაპირობაა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, რომელმაც “ჰამასი” „საშინელი სისასტიკის“ განსახიერებად შეაფასა, დასძინა, რომ საფრანგეთი დაუღალავად აგრძელებს მუშაობას მძევლების გათავისუფლების, ცეცხლის შეწყვეტის აღსადგენად და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის უზრუნველსაყოფად.
მან განაცხადა, რომ ამ ძალისხმევას თან უნდა ახლდეს პოლიტიკური გადაწყვეტა, ორი სახელმწიფოს შექმნის გზით, „სადაც ისრაელი და პალესტინა მშვიდობიანად იცხოვრებენ გვერდიგვერდ“.
საფრანგეთმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების განზრახვა, კანადასთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად, გარკვეული პირობებით. ისრაელმა კი მკაცრად დაგმო ეს ნაბიჯები.
“ჰამასის” მიერ მართულმა ჯანდაცვის სამინისტრომ კვირას განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან მოყოლებული, არასრულფასოვანი კვების შედეგად 175 ადამიანი, მათ შორის 93 ბავშვი, გარდაიცვალა.
როგორც “ბიბისი” წერს, უამრავი მტკიცებულების მიუხედავად, ისრაელის ხელისუფლება და ქვეყნის პრესის ნაწილი კატეგორიულად უარყოფს, რომ ღაზაში შიმშილია და აცხადებს, რომ კრიზისი ჰამასის მიერ შეთხზული და საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებული ტყუილია.
მედიის ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი აზრი ისრაელის მიმართ სულ უფრო ნეგატიურია.