დეკანოზი თამაზ ლომიძე: მამაკაცებმა გავიხსენოთ ვალდებულება ცოლის წინაშე!

  მამაკაცებმა გავიხსენოთ ვალდებულება ცოლის წინაშე, – ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე ფესიბუქის საკუთარ გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ მამაკაცებს მათი ვალდებულებები ეკლესიამ უნდა შეახსენოს.
დეკანოზის თქმით, საჭიროა, რომ ეკლესიამ ძალიან ხმამაღლა, მკაცრად და კონკრეტულად შეახსენოს კაცებს, როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი მამაკაცი თუ მეუღლეს აღარ უნდა მასთან ერთად ცხოვრება.
„ახლა ეკლესიამ სასწრაფოდ, უფრო მეტი სიმკაცრით და კატეგორიულობით, ყოველდღიურად უნდა დაიწყოს მამაკაცების ქრისტიანული მოვალეობის ქადაგება ცოლის და ოჯახის წინაშე. ახლა საჭიროა, რომ ეკლესიამ ძალიან ხმამაღლა, მკაცრად და კონკრეტულად შეახსენოს კაცებს თუ რას ნიშნავს, იყო ქმარი, რას ნიშნავს ოჯახის შექმნა, რას ნიშნავს იყო მამა, რას ნიშნავს იყო ოჯახის თავი, თუნდაც, როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი მამაკაცი თუ მეუღლეს აღარ უნდა მასთან ერთად ცხოვრება.
ჯვრისწერის დროს ყველა წყვილს ხმამაღლა უკითხავენ (სამწუხაროდ უმრავლესობა არ უსმენს და არ აინტერესებს) პავლე მოციქული სიტყვებს: “როგორც ქრისტეა ეკლესიის თავი, ისევეა კაცი ცოლის თავი.” მაგრამ, დაფიქრდით: რატომ არის ქრისტე ეკლესიის თავი? იმიტომ, რომ მას კი არ ემსახურებოდა მისი ეკლესია, არამედ ქრისტე თვითონ ემსახურა თავის ეკლესიას და თვით სიკვდილამდე თავი გაწირა მისთვის. ასევე მამაკაციც მხოლოდ მაშინ არის ცოლის თავი თუ მთელი თავისი არსებით და ყველაფრით, რითაც შეუძლია ემსახურება და თავს სწირავს მეუღლეს და მის ბედნიერებას.
“თითოეულმა თქვენთაგანმა ისე შეიყვარეთ ცოლი, როგორც საკუთარი თავი.” (ეფესელთა 5,32)“, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.
გარდა ამისა, იგი აქვეყნებს ბლოგს სათაურით – შეურაცხმყოფელია თუ არა ქალისთვის “ნეკნისგან” შექმნა? როგორც დეკანოზი განმარტავს, მცდარია აზრი, რომ ღმერთმა ევა ადამის გასართობად შექმნა. მისივე თქმით, ევა ღმერთმა შექმნეა იმისთვის, რომ ისინი ბედნიერები ყოფლიყვნენ და ცხოვრება ერთად უფრო საამური ყოფილიყო.
„შევეცდები, რაც შეიძლება მარტივად ავხსნა. “ნეკნისგან” შექმნას უწოდო “მეორადი სოციალური დაკანონება” მცდარი და სუბიექტური გაგებაა იმისა, რაც ბიბლიურ ევას შექმნაში იგულისხმება ადამის “ნეკნიდან”. ჯერ ერთი, მცდარია აზრი, რომ ადამის გასართობად შექმნა ღმერთმა ევა. არა გასართობად, არამედ იმისთვის, რომ ბედნიერები ყოფლიყვნენ და ერთად უფრო საამური ყოფილიყო მათთვის ცხოვრება. დღესაც ასეა ეს: ქალთან ერთად ბედნიერია კაცი და პირიქით ქალიც ბედნიერია თავის კაცთან. მეორე: “ნეკნი” არის თარგმანი ძველებრაული სიტყვისა (zela) რომელიც გვერდს, მთავარ ნაწილს, გულის-გულს ანუ ყველაზე მნიშვნელოვანს გულისხმობს ადამიანში. “ნეკნისგან” ან “გვერდისგან” შექმნა სიმბოლოა მხოლოდ იმისა, რომ სამყაროს შექმნის შემდეგ (რომელშიც ადამის მსგავსი არ იყო არცერთი სულდგმული) ღმერთს სურდა ბუნებით ზუსტად მისი მსგავსი არსება შეექმნა და ამიტომაც გვერდი – გულისგული აიღო ამისთვის მამაკაცისგან. ბუნებრივია, რომ იმ დროს, როცა ბიბლიის პირველი წიგნი დაიწერა ადამიანებს თითქმის არ ჰქონდათ წარმოდგენა ანატომიაზე და მწერალს უნდა გამოეყენებინა ისეთი სიტყვა, რაც ყველაზე მეტად ასახავდა ამ მსგავსებას. ანატომიური გაგებით “ნეკნი” მოგვიანებით დამკვიდრდა თარგმანებშიც (ლათინურ Vulgata-ში) და ადამიანების გონებაშიც. ადრეულ ადამიანებს კი სხვა რამე ესმოდათ ამაში. შესაბამისად, ნეკნისგან შექმნა არ არის შეურცხმყოფელი ქალებისთვის. პირიქით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მამაკაცს და დედაკაცს ერთნაირი ბუნება აქვთ და გენდერული თანასწორობის მომხრეებს ეს უნდა უხაროდეთ კიდეც. მესამე: თუ ვინმე ეკლესიაში ან ერში ამას თავისი მახინჯი წარმოდგენებისთვის ბოროტად იყენებს, ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესიის სწავლებაა ასეთი. თქვენ უნდა იცოდეთ სწორად და ასწავლოთ სხვებსაც“, – წერს დეკანოზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები