ისრაელი მიესალმება აშშ-ის სანქციებს პალესტინელი ჩინოვნიკების წინააღმდეგ
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი მიესალმა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას პალესტინის ხელისუფლებისა და პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ.
სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში საარმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს და მთლიანად სახელმწიფო დეპარტამენტს, რასაც ის „მორალურ სიცხადეს“ უწოდებს – პალესტინელ ოფიციალურ პირებზე სანქციების დაწესების გამო.
ეს ნაბიჯი მოიცავს პალესტინელი ჩინოვნიკებისთვის ვიზების გაცემაზე უარის თქმას და აშშ-ში მათი მოგზაურობის აკრძალვას.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის „მნიშვნელოვანი ქმედება“ „ასევე აჩვენებს გარკვეული ქვეყნების მორალურ სიმახინჯეს, რომლებმაც ვირტუალური პალესტინის სახელმწიფოს აღიარება სცადეს, თვალს ხუჭავდნენ ტერორისა და პროვოკაციების მხარდაჭერაზე“.
აღსანიშნავია, რომ საარის განცხადება გაკეთდა იმავე კვირაში, როდესაც კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომ გამოაცხადეს, რომ ისინი სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავენ – თუ ისრაელი არ შეწყვეტს ომს ღაზაში.
მანამდე საფრანგეთმაც განაცხადა, რომ სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს.