პოლონეთისა და ნატო-ს ძალებმა ჩამოაგდეს დრონები, რომლებიც უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს, პოლონეთის საჰაერო სივრცეს არღვევდნენ.
ვლოდავას ოლქში დრონის ნამსხვრევებმა სახლის სახურავი და ავტომობილი დააზიანა. ოლქის ხელმძღვანელმა, მარიუშ ზანკომ განაცხადა, რომ ადგილობრივებმა აფეთქების ხმა გაიგეს და ასევე დაინახეს, თუ როგორ რეაგირებდნენ პოლონური გამანადგურებლები შეჭრაზე.
„ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სიტუაცია სერიოზულია და ადგილობრივ მოსახლეობაში შეშფოთებას იწვევს“, – თქვა მან.
პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონების გასანადგურებლად განხორციელებული საჰაერო ოპერაციის გამო, ქვეყანაში ოთხი აეროპორტი დაიხურა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, ინციდენტი „აგრესიის აქტად“ შეაფასა და განაცხადა, რომ საკითხი NATO-სთან კოორდინაციაში განიხილება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემები კვლავ მაღალი მზადყოფნის რეჟიმში რჩება.
ინციდენტი უკრაინაში, რუსეთის მასობრივ საჰაერო თავდასხმებს მოჰყვა, რომლის დროსაც ასზე მეტი დრონი იქნა გაშვებული. პოლონეთის სამხედროებმა მათ ნაწილს ქვეყნის საზღვარზე შეაჩერეს.