ბუდანოვი: რუსეთი სსრკ-ს დაშლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ გადაიარაღებას გეგმავს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის დირექტორატის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთი შემდგომი ომისთვის ემზადება და 2036 წლისთვის გადაიარაღებაზე დაახლოებით 1.1 ტრილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს.
მისივე თქმით, ეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ყველაზე მასშტაბური შეიარაღების პროგრამა იქნება.
„რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების სრული მობილიზაციაა მომავალი ფართომასშტაბიანი ომისთვის მოსამზადებლად“, – აღნიშნა ბუდანოვმა.
მან განმარტა, რომ რუსეთში სამხედრო რეფორმის ფარგლებში უკვე შეიქმნა ორი ახალი სამხედრო ოლქი – მოსკოვისა და ლენინგრადის, ასევე იგეგმება ახალი დივიზიებისა და სამხედრო ნაწილების ფორმირება.
უკრაინის დაზვერვის უფროსმა აღნიშნა, რომ რუსეთი გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური წესრიგის დანგრევას ცდილობს.
ასევე, მისივე თქმით, რუსები სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე, კონტროლირებადი მედიისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით, ჰიბრიდული საინფორმაციო და კიბეროპერაციების განხორციელებას ცდილობენ.