„ძალიან დაბალი რისკია იმისა, რომ საქართველოში ებოლა შემოვიდეს“
„ძალიან დაბალი რისკია იმისა, რომ საქართველოში ებოლა შემოვიდეს. გაცხოველებული მიმოსვლა საქართველოს არც ლიბერიასთან, არც სიერალეონესთან და არც გვინეასთან არ აქვს,- აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
იმნაძის განცხადებით, საფრთხე შეიძლება უფრო ნიგერიიდან ყოფილიყო, თუმცა, მისი განცხადებით, ნიგერიამ ვირუსი დაამარცხა. საქართველოში სულ აფრიკიდან 3 თვის მანძილზე 84 ადამიანია შემოსული.
„შედარებით მიმოსვლა გვაქვს ნიგერიასთან, მაგრამ ნიგერია ფაქტობრივად საშიში აღარ არის, იმიტომ რომ უკვე 40 დღეა ნიგერიაში ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. სულ აფრიკიდან 3 თვის მანძილზე ჩვენთან 84 ადამიანია შემოსული მაშინ, როდესაც ევროპაში ან ამერიკაში დღეში ერთი რეისით 150 კაცი ჩადის“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, დასავლეთ აფრიკაში ყოველკვირეულად ებოლას 1000 -მდე შემთხვევა ფიქსირდება. პროგნოზების მიხედვით კი რიცხვმა შესაძლოა, მოიმატოს.
მისივე განცხადებით, ებოლას ევროპაში ან შტატებში ჯერ არ შეუღწევია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ როდესაც აფრიკაში ვერ ახერხებენ პაციენტების მკურნალობას, ისინი ძლიერ ქვეყნებში მიჰყავთ. დაავადებული ადამიანები წაიყვანეს შტატებშიც, გერმანიაშიც, ნორვეგიაშიც, ბრიტანეთშიც, საფრანგეთშიც. ქვეყნებს, ძირითადად, აფრიკაში დაავადებული თავიანთი ქვეყნის მოქალაქეები მიჰყავთ, რადგან მათი განკურნების და გადარჩენის შანსი განვითარებულ ქვეყნებში ბევრად მაღალია.
იმნაძის განცხადებით, ებოლას გავრცელება გვამის განბანვის პროცედურებით დაიწყო. მისი თქმით, ამ დროს ავადმყოფის კანი ბევრ ადგილას არის დაზიანებული და როცა მას ეხებიან, სხვებიც ავადდებიან. მეორე ყველაზე მაღალი რისკის მქონე ჯგუფში კი ექიმები შედიან.