“ქალის წარმატება სუსტი მამაკაცის გაბოროტებას იწვევს და ის უპირატესობის დამტკიცებას ძალადობით ცდილობს”
ქალი ნივთია, რომელიც კაცის მფლობელობაშია და თუკი ეს ნივთი პიროვნებად ქცევის პრეტენზიას აცხადებს, მესაკუთრე მოძალადეთა აზრით და გადაწყვეტილებით, ის უკვე განადგურებას და ლიკვიდაციას იმსახურებს, – ასე ეხმაურება მწერალი თეონა დოლენჯაშვილი “კვირასთან” საქართველოში გახშირებულ ძალადობის ფაქტებს.
დოლენჯაშვილი მიიჩნევს, რომ კაცები ქალების საზოგადოებრივ და სოციალურ გააქტიურებას ვერ ეგუებიან.
„ძალადობის გახშირებას, შესაძლოა, დღეს დაუსჯელობის სინდრომი იწვევს, მაგრამ ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის აქტუალური და ძალიან მწვავე იყო. ეს, სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიურობაა და ღრმა ფესვები აქვს. ის იწყება ბავშვობიდან, ოჯახებიდან, სადაც ხდება მოძალადე კაცის კულტივაცია, სადაც დომინანტია მასკულინური და მოძალადე გარემო. ამას ვხედავთ ყოველდღე, სატელევიზიო შოუებსა და სარეკლამო კამპანიებიც კი ამის წახალისებას და ტირაჟირებას ახდენენ. ოჯახური ძალადობა და ქალთა ფსიქოლოგიური ტერორიც ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებით იწყება, როდესაც მამა, ძმა და მერე უკვე მეუღლე ქალის მუდმივ კონტროლს და პირადი სივრცის ხელყოფას ახორციელებს. ქალი ნივთია, რომელიც კაცის მფლობელობაშია და თუკი ეს ნივთი პიროვნებად ქცევის პრეტენზიას აცხადებს, მესაკუთრე მოძალადეთა აზრით და გადაწყვეტილებით, ის უკვე განადგურებას და ლიკვიდაციას იმსახურებს. ეს „შემზარავი ტრაგედიები“ ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულებია, რომლის პრევენცია და აღკვეთა ჩანასახოვან დონეზე უნდა ხდებოდეს. ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, ვეთანხმები. ქალების საზოგადოებრივი და სოციალური გააქტიურებას ვერ ეგუება არარეალიზებული და სწორედ ამ „ღირებულებებზე“ გაზრდილი კაცები (ქალებიც). ეს რთულად თავსებადია იმ მოსაზრებასთან, რომ ქალის ადგილი მხოლოდ “კუხნაშია”, მან თავდახრილმა უნდა აიტანოს ყველა შეურაცხყოფა და მოძალადე მეპატრონეს ფეხებიც ბანოს. სწორედ ქალის წარმატება და რეალიზაცია იწვევს გაუნათლებელი, მდაბიო და სუსტი მამაკაცის გაბოროტებას და ის აქ უკვე საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს“, – აცხადებს თეონა დოლენჯაშვილი. მისივე განმარტებით, პრევენციის ყველაზე ეფეტური მეთოდი განათლების დონის გაზრდაა, მანამდე კი საზოგადოების ფართომასშტაბიანი კამპანია უნდა გაჩაღდეს.
„პრევენციის ყველაზე ეფექტური, თუმცა შედეგის მხრივ გრძელვადიანი მეთოდი განათლებაა, იქამდე კი უნდა გაჩაღდეს საზოგადოების ფართომასშტაბიანი კამპანია. ამაში უნდა ჩაერთოს მედია, არასამთავრობო ორგანიაზაციები და რა თქმა უნდა, სახელმწიფო. პოლიციამ მსგავს ფაქტებზე მყისიერი რეაგირება და მათი აღკვეთა უნდა მოახდინოს. დღეს ამ ორგანოებს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, იქამდე ვიდრე საზოგადოების თვითშეგნება ამაღლდება და ქალი სრულფასოვან პიროვნებად იქცევა ჩვენს ქვეყანაში და არა ვინმეს საკუთრებად, ქალების სიცოცხლის დაცვა და მათი შვილები დაობლების ლამის ეპიდემიად ქცეული სენის აღკვეთა თითოეულმა ჩვენგანის მოვალეობაა. მაგრამ ამაზე სამწუხაროდ ერთეულები საუბრობენ“, – აცხადებს დოლენჯაშვილი.