ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნით, უკრაინას დამატებით იარაღს გაუგზავნიან,- ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს.
პენტაგონის მთავარი პრესმდივნის, შონ პარნელის განცხადება უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინას დამატებით თავდაცვით იარაღს უგზავნის, რათა უკრაინელებს შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა, სანამ ჩვენ ვმუშაობთ მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მკვლელობების შეჩერებისთვის. ჩვენი ჩარჩო, რომელიც პრეზიდენტის მიერ მთელ მსოფლიოში სამხედრო გადაზიდვების შეფასებას ეხება, ძალაში რჩება და ჩვენი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ თავდაცვის პრიორიტეტების განუყოფელი ნაწილია”,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-ის ადმინისტრაციამ მიმდინარე თვის დასაწყისში უკრაინისთვის ძირითადი იარაღის, მათ შორის Patriot-ის ტიპის რაკეტების მიწოდება, პენტაგონის მიერ მარაგების გადახედვის გამო შეაჩერა.