ირაკლი ალასანია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

დღეს, ირაკლი ალასანია კავკასიის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრი სტუდენტებს პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში შეხვდა. საჯარო ლექციის მთავარი თემა საქართველოს საგარეო კურსი, ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის მნიშვნელობა იყო. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან ერთ-ერთ ყველაზე თავსებად პარტნიორად არის აღიარებული. საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა ნატოს სტრატეგიულ დისკუსიებში ისევე მიიღოს მონაწილეობა, როგორც ნატოს წევრი ქვეყნები არიან ჩართული. საქართველო ნატოს ოპერაციებისა და წვრთნების დაგეგმვის პროცესშიც ჩაერთვება.
ირაკლი ალასანიამ ქართველი სამხედროების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრი თავდაცვის უწყებაში გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებსაც შეეხო.
ახალგაზრდებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კავკასიის უნივერსიტეტის სხვადასხვა სკოლის სტუდენტების შეკითხვები ძირითადად რეგიონალურ უსაფრთხოებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებსა და მოსალოდნელ საფრთხეებს შეეხებოდა. სტუდენტებმა მინისტრს ქართველი სამხედროების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე მისიაში მონაწილეობის, საჰაერო თავდაცვის სფეროს განვითარებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზეც დაუსვეს კითხვები. თავდაცვის მინისტრმა სტუდენტებს ამომწურავი პასუხები გასცა და ქვეყნისთვის განათლების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს საავტორო წიგნები „საქართველოს ისტორია“ და „ტაო-კლარჯეთი“ გადასცა საჩუქრად.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საჯარო ლექციებს პერიოდულად მართავს და საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე სიახლეების შესახებ ახალგაზრდებს ინფორმაციას აწვდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები