გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეები ბათუმის პორტს სტუმრობდნენ

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა გრძელდება. ამჯერად, ინტენსიური სამთვიანი ტრენინგკურსის მონაწილეები ბათუმის პორტს სტუმრობდნენ, სადაც მათ პორტის ისტორიის, მნიშვნელობისა და შრომითი უსაფრთხოების შესახებ ლექცია-სემინარი ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომავალმა გიდებმა ადგილზე დაათვალიერეს ნავსადგურის საექსპოზიციო სივრცეში გამოფენილი ფოტო-ვიზუალური მასალა და პორტის მუშაობის ძირითად პრინციპებს გაეცნენ. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი ბათუმის პორტის საექსპოზიციო სივრცეში პირველი პრეცედენტი გახლდათ, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თხოვნით ბათუმის პორტის მენეჯმენტმა დაუშვა.

“აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიურ ტრენინგკურსს მეორე თვეა ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში მომავალი გიდები სწავლობენ ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორიას, საქართველოში განვითარებულ ტურიზმის სახეობებს, ექსკურსიათმცოდნეობას, გიდის პროფესიას, ტურის დაგეგმვას, გიდის ფსიქოლოგიას, ასევე ბათუმის განაშენიანებასა და არქიტექტურას, ქალაქ ბათუმის ტურისტულ მარშრუტებსა და პირველადი დახმარების საშუალებებს.

გადამზადების პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარებაა. დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებსა და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას ან პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები ჩაატარებენ პრაქტიკულ ტურებს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად მოწვეული ტუროპერატორებისთვის,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები