დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა
დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა.
პიარსამსახურის ცნობით, სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, აჭარის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა.
,,სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე დაინიშნა დენის სალუქვაძე, ხოლო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე – ედნარ ნატარიძე. სულხან თამაზაშვილმა ახალ მინისტრებს წარმატებები უსურვა და ჯაბა ფუტკარაძეს და ზაზა შავაძეს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის მიზანია რეგიონში განხორციელებული პროექტები და პროგრამები მაქსიმალურად იყოს მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე.
აჭარა ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება. საზეიმოდ გაიხსნა საზღვაო ტურისტული სეზონი ბათუმში. დაპირებისამებრ, ტურისტული სეზონის დაწყებამდე, დასრულდა რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ფაზა და აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია.
ქობულეთში სეზონის ოფიციალურ გახსნამდე დასრულდება ფიჭვნარის ბულვარის მოწყობის პირველი ეტაპი. ასევე, ქობულეთში დასკვნით ეტაპზეა ე.წ. „ეკო სანაპიროს“ რეაბილიტაციის პროექტი.
ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება მაღალმთიან აჭარაშიც. შუახევის მუნიციპალიტეტში, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი აშენდა. ზიპლაინის ფუნქციონირებაზე საერთაშორისო იტალიური კომპანია იქნება პასუხისმგებელი. კომპანიის წარმომადგენლები უკვე საქართველოში არიან.
დაბა ხულოში დაიწყო სპორტული სკოლის და სტადიონის მშენებლობა. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სკვერის რეაბილიტაცია. ქვემო ვაშლოვანში დასრულდა ახალი სკოლის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შენობის კეთილმოწყობა.
აქტიურად ვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურა მაღალმთიან აჭარაში, დასკვნით ეტაპზეა ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია.
რეგიონში მიმდინარეობს მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ბათუმის N1 პოლიკლინიკისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ახალი შენობა შენდება. ასევე, ფართოვდება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რისთვისაც დამატებით ოთხ სართულიანი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.