ირაკლი კობახიძე – ძალადობრივი ჯგუფები დაუპირისპირდნენ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, სუვერენიტეტს და ეს ყველაფერი განხორციელდა გარე ჩარევის საფუძველზე – მადლობა ყველა ძალოვან სტრუქტურას, რომელმაც წარმატებით უზრუნველყო ამ თავდასხმის აღკვეთა
ძალადობრივი ჯგუფები დაუპირისპირდნენ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, სუვერენიტეტს და ეს ყველაფერი განხორციელდა გარე ჩარევის საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა ძალოვან სტრუქტურას, რომელმაც წარმატებით უზრუნველყო ამ თავდასხმის აღკვეთა.
„ჩვენ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოვიარეთ მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდებოდა სახელმწიფო სუვერენიტეტზე და ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგზე ძალადობრივ თავდასხმას, რომელიც განხორციელდა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. ყველას გვახსოვს ძალიან მძიმე ხუთი დღე, როდესაც წინასწარ შემუშავებული გეგმით, კონკრეტული ძალადობრივი ჯგუფები დაუპირისპირდნენ სახელმწიფოებრივ ინტერესებს და სახელმწიფო სუვერენიტეტს და ეს ყველაფერი განხორციელდა გარე ჩარევის საფუძველზე, რაც იყო სრულიად ნათელი და აშკარა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის მივცემდით სახელმწიფო სუვერენიტეტის და კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფის შესაძლებლობას და აქ მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს, შსს-ს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც ამ ძალადობრივი თავდასხმის აღკვეთაში იყო ჩართული. მადლობა მათ ამისათვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ყველა ძალოვან სტრუქტურას, რომელმაც წარმატებით უზრუნველყო ამ თავდასხმის აღკვეთა”, – განაცხადა პრემიერმა.