19 წლის ახალგაზრდის მამა გამტაცებლების მიმართ შურისძიებას არ აპირებს

19 წლის ახალგაზრდის მამა გამტაცებლების მიმართ შურისძიებას არ აპირებს – ამის შესახებ „კვირას“ იოსებ გიორხელიძის მამამ, რამინ გიორხელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ბრალდებულები კანონის ფარგლებში უნდა გასამართლდნენ. „ჩემი შვილის გამტაცებლების მიმართ შურისძიებას არ ვაპირებ. გამოძიება გამჭვირვალედ მიმდინარეობს და დანაშაული ძალიან მალე გახსნეს. გამოძიება ყველაფერს აკეთებს და იმედი მაქვს, რომ ის სწორ გზაზე დგას. რაც შეეხება, ჩემს დამოკიდებულებას ბრალდებულების მიმართ, ისინი კანონის სრული დაცვით უნდა გასამართლდნენ. მათ სამაგიეროს უფალი გადაუხდით“, – აღნიშნა რამინ გიორხელიძემ.
ბიზნესმენმა „კვირას“ დაუდასტურა ფაქტი, რომ ბრალდებულები შვილის გატაცებას ჩანთით აპირებდნენ.
„ჩემთვის ცნობილია, რომ ბრალდებულები ჩემი შვილის გატაცებას ჩანთით აპირებდნენ, მაგრამ მძიმე წონის გამო ჩანთამ ვერ გაუძლო“, – აღნიშნა იოსებ გიორხელიძის მამამ.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდებულებს ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) თანამშრომელს დურმიშხან ღვარჩლიანს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) თანამშრომლებს: ჯემალ შონიას, ალექსანდრე ჭანტურიას და გიორგი ქალდანს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები