ლევან მახაშვილი: ზოგიერთი პოლიტიკოსის მცდელობაა, პასუხისმგებლობას გაექცეს და ისრები იქ გადაიტანოს, სადაც პოლიტიკური დევნა არაფერ შუაშია
,,ზოგიერთი პოლიტიკოსის მცდელობაა, პასუხისმგებლობას გაექცეს და ისრები იქ გადაიტანოს, სადაც არაფერ შუაშია პოლიტიკური დევნა”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, ოპოზიციის იმ წარმომადგენლებზე საუბრისას განაცხადა, რომელთა მიმართაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
მახაშვილის თქმით, მათ კანონი აქვთ დარღვეული.
„ამ ადამიანებმა კანონი დაარღვიეს, დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობასა და კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვეს, რაზეც შესაბამისი პასუხისმგებლობა დგება. საინტერესოა ის, რომ ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, პოლიტიკურ თამაშში იარაღად გამოიყენონ დაკავება-არდაკავების საკითხი და უცხოეთიდან ამ თემის ხაზგასმით ისევ დამატებითი მხარდაჭერა და სალაპარაკო მოიპოვონ. ფოკუსი რომ გავასწოროთ, ამ ადამიანებმა კანონი დაარღვიეს და მათ წინაშე შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება“,- განაცხადა მახაშვილმა ,,პირველ არხთან” საუბრისას.