„ხალხის ძალა: როგორ შეიძლება, არ ვახსენოთ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული კატასტროფული რეზოლუცია და საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ ამაღლობელის „ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოდ“ მონათვლის მცდელობა მაშინ, როდესაც მთელმა საქართველომ იხილა, როგორ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მან სამართალდამცავს
“საკუთარი დამოკიდებულებით და პოლიტიკით, ევროკავშირის საელჩო მწვანე შუქს უნთებდა და უნთებს მათი დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ წარმოებულ ზიზღისა და მუქარის კამპანიებს, ძალადობას და სიძულვილს. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, სრული ფარსია ელჩის საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესების დასტაბილურების სურვილზე, რადგან საქმით, ისინი თავად ახალისებენ რადიკალიზაციას”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და ევროპული ბიუროკრატიის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ.
„ხალხის ძალა“ წერილში განსაკუთრებით გამოყოფს მზია ამაღლობელის საქმეს, მის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას „კატასტროფულს“, ხოლო ევროპარლამენტის შენობაში გამართულ პერფორმანსს „სამარცხვინო სპექტაკლს“ უწოდებს.
„ძალადობის მიმართ გამოვლენილი სოლიდარობით ეს ძალები საქართველოში შემდგომი ძალადობის პროვოცირებას ახდენენ. ამით, ერთი მხრივ საკუთარი აგენტების დაცვას ცდილობენ, მეორე მხრივ კი ქართულ მართლმსაჯულებას და სუვერენიტეტს ებრძვიან.
როგორ შეიძლება აქ არ ვახსენოთ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული კატასტროფული რეზოლუცია და ევროპარლამენტის შენობაში გამართული სამარცხვინო სპექტაკლი, ასევე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ მზია ამაღლობელის „ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოდ“ მონათვლის მცდელობა და საზოგადოების მოტყუება, თითქოსდა მზია ამაღლობელი ჟურნალისტური საქმიანობის გამოა დაკავებული, მაშინ, როდესაც მთელმა საქართველომ საკუთარი თვალით იხილა, როგორ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მზია ამაღლობელმა სამართალდამცველს.
თავად განსაჯეთ რამდენის უფლებას აძლევენ ევროპელი „მეგობრები“ თავს, როდესაც ქართველ ხალხს უბედავენ, რომ სააკაშვილი, ნიკა მელია, მზია ამაღლობელი და სხვები პოლიტპატიმრებად შერაცხყონ!“, – აღნიშნულია „ხალხის ძალის“ წერილში.