ლიტერატურულ კონკურს-ფესტივალ „ქუჯი 2025“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება
21 ივნისს, 17:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში (დ. აღმაშენებლის 99/1 ) ლიტერატურულ კონკურს-ფესტივალ „ქუჯი 2025“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
ცერემონიის დაწყებამდე თეატრის ფოიეში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.
18:00 საათზე დაიწყება დაჯილდოების ოფიციალური ნაწილი. ღონისძიებას გახსნის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია. გამარჯვებულებს პრიზებს გადასცემს საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე.
კომპეტენტურმა ჟიურიმ ლიტერატურულ კონკურს-ფესტივალ „ქუჯი 2025“-ის გამარჯვებულები გამოავლინა ნომინაციებში: „ერთი ლექსი”; „წლის საუკეთესო დებიუტი”; „წლის საუკეთესო პოეტური კრებული”; „წლის საუკეთესო პროზაული კრებული”.
ღვაწლმოსილ მწერლებს კონკურსგარეშე გადაეცემათ ჯილდოები. პრემიაზე „ქუჯი – ერთიანი საქართველოსთვის” წარდგენილია მწერალი და მხატვარი რეზო (ემელიანე ადამია), ხოლო გიორგი ჭყონდიდელის სახელობის პრემიაზე წარდგენილები არიან ლერი ალიმონაკი და ვახტანგ ღლონტი.
საღამოს გაუძღვებიან მსახიობები ნიკუშა ფაიქრიძე და თაკო ცქვიტინიძე. მაყურებლის წინაშე მონოსპექტაკლით წარდგება ლეგენდარული მურმან ჯინორია. მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ მომღერლები ირმა სოხაძე და თამთა კაკულია, ასევე ჯგუფი „ლიახვი”. გაიმართება „ქუჯის” ჰიმნის პრემიერა (ლექსის ავტორი ნომადი ბართაია, მუსიკა – ირმა კვაშილავა), რომელსაც ასრულებენ ბექა წულაია, თამთა კაკულია, ზაზა შათირიშვილი და „ქუჯელები”.
ლიტერატურულ კონკურს-ფესტივალ „ქუჯის“ მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს მწერალთა სახლი.