ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით გამოკითხვები გრძელდება
სოფელ ჩორჩანაში, საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.
საგამოძიებო ორგანოში დღეს ჩორჩანის მცხოვრები მალხაზ ლომიძე და სოფელ წაღვლის მკვიდრი თამაზ ლომიძე იკითხებიან.
როგორც თამაზ ლომიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნამდე ოკუპანტების მხრიდან საშიშროება არ ყოფილა.
„ოკუპანტების მხრიდან საშიშროება არ ყოფილა. სოფლის ხალხი ტყით სარგებლობდა, ღორღი იყო, ფერადი, წითელი ღორღი. მათი მხრიდან საშიშროება არ ყოფილა. ამით ვსარგებლობდით და საშიში არაფერი იყო. არ ამოდიოდნენ ოკუპანტები“, – განაცხადა თამაზ ლომიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს გახსნის საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.