ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, დადო სათანადო დასკვნა, რომლითაც არავინ დაინტერესდა და დღეს, ის ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას თვითმმართველობის არჩევნებზე.
„ზოგადად, არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს. გადახვევები ხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა, მაგალითად 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან. ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ ეუთო/ოდირს, თუმცა ეს არის მხოლოდ გამონაკლისი, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით. იცით, რომ ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს და დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით და დღეს, იგივე ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას,”- განაცხადა პრემიერმა.