“ჩვენ რომ ჩვენი ბევრი „კეთილმოსურნისთვის” დაგვეჯერებინა, დღეს საქართველო ნანგრევებში იქნებოდა” – შალვა პაპუაშვილი

“მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფო დაფიქრდეს, რა უნდა გააკეთოს მან საკუთარი უსაფრთხოებისთვის – ჩვენ რომ ჩვენი ბევრი „კეთილმოსურნისთვის” დაგვეჯერებინა, დღეს საქართველო ნანგრევებში იქნებოდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თურქეთში ოფიციალური ვიზიტისას, ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბოლო სამი წელია და ყველაზე გვიან, 2022 წლის თებერვლიდან ფაქტია, რომ იმ უსაფრთხოების არქიტექტურამ, რომელიც ჩამოყალიბებული იყო, ვერ იმუშავა. არა თუ წვრილმანი კონფლიქტების არიდება ვერ შეძლო ამ სისტემამ და ამისი მაგალითი საქართველოც არაერთხელ გამხდარა, არამედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომიც კი ვერ აირიდა თავიდან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფო დაფიქრდეს, რა უნდა გააკეთოს მან საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ სწორედ იმით, რომ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვიღებდით ამ პროცესის განმავლობაში, შევძელით მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ რომ ჩვენი ბევრი „კეთილმოსურნისთვის” დაგვეჯერებინა, დღეს საქართველო ნანგრევებში იქნებოდა. ამიტომ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ყველა სახელმწიფომ და ერმა უპირველეს ყოვლისა საკუთარი ინტერესები უნდა დააყენოს წინ და ეს ინტერესები ყველა ერის, როგორც წესი ყოველთვის არის, რომ გქონდეს მშვიდობა და გქონდეს ზრდის მაღალი ტემპი, ამ ინტერესების თანმხვედრი ძიებაა საბოლოო ჯამში საპარლამენტო დიპლომატიის ნაწილიც და ამ მხრივ ჩვენ ვთანხმდებით თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომ ჩვენი ერის ინტერესებით უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენი ხალხის ინტერესებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები