რუსთავში, კულტურის სახლის ისტორიულ შენობას სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებულ კულტურის სახლის ისტორიულ შენობას, სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი მონიტორინგის მიზნით, ადგილზე გაეცნენ.

,,რუსთავის გუნდი ერთ-ერთ მასშტაბურ და გამორჩეულ პროექტს ვახორციელებთ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს და სამთავრობო გუნდს, იმ მხარდაჭერისთვის, რითაც ჩვენ შევძელით, რომ ძველი საბჭოთა პერიოდის კულტურის სახლის რეაბილიტაცია, ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით მომხდარიყო. ეს პროექტი, მუნიციპალიტეტს თანამედროვე სახელოვნებო სერვისების შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავისთვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტით, საკონცერტო დარბაზის სრული განახლება, შიდა სივრცის რეაბილიტაცია და შენობის ფასადის რესტავრაციაა დაგეგმილი. მოეწყობა გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის და გახმოვანება – განათების სისტემა. შენობა უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სასცენო აპარატურით. შენობის გარე პერიმეტრი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა მწვანე სივრცეები და დასასვენებელი ზონა.

,,რუსთავში, კულტურის სახლის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გავეცანით. ეს პროექტი შენობის ავთენტიკურობის შენარჩუნებასა და შიდა სივრცის სრულად განახლებას მოიცავს. კულტურის სახლში იქნება 300 კაცზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი, მუსიკალური და ხმის ჩამწერი სტუდიები ასევე ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე მუსიკა შეისწავლონ. პროექტი სრულად ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 10 318 649 ლარია”, – განაცხადა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ.

1948 წელს კლასიციზმის არქიტექტურული სტილით ნაშენები ისტორიული ნაგებობა, რესტავრაციის შემდეგ ავთენტიკურობას შეინარჩუნებს. პროექტის დასრულების შემდეგ, უფუნქციოდ დარჩენილი ძველი შენობის ადგილზე, თანამედროვე მუსიკალური ლაბორატორია გაიხსნება, სადაც რუსთაველ ახალგაზრდებს, კლასიკურის პარალელურად, მუსიკის თანამედროვე მიმდინარეობების დაუფლების შესაძლებლობაც ექნებათ.

,,რუსთავში კულტურის სახლის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაცია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და დაფინანსებით მიმდინარეობს. ეს არის თვალსაჩინო და კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ ვითარდება რეგიონი და როგორ ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება. ამ კულტურის სახლთან რუსთაველების ყველა თაობას აქვს გარკვეული ემოციური კავშირი და წლის ბოლოს, ჩვენ თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი სრულიად ახალი შენობა გვექნება”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

რუსთავის კულტურის სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 10 318 649 ლარია.

კულტურის სახლში მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის შემდეგ, ლევან ხარაბაძემ, რუსთავის მერთან და დელეგატთან ერთად, ახალგაზრდობის ახალი სასახლე და ხელოვნების გალერეა დაათვალიერეს. ძველი ისტორიული ნაგებობის ადგილზე აშენებული ახალი სასახლე, ერთი თვის წინ გაიხსნა და მისი პროგრამებით, უკვე 500-მდე რუსთაველი მოზარდი სარგებლობს. სასახლის ახალი მულტიდისციპლინური კონცეფცია, საკლუბო პრინციპზეა დაფუძნებული. რუსთაველ ბავშვებს აქ მენტალური არითმეტიკის, ლეგო-რობოტიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის და ლაბორატორიული დაკვირვების შესაძლებლობა აქვთ. აქვე ისწავლება ხატწერა, კალიგრაფია, მხატვრობა, თეატრალური ხელოვნება და ქორეოგრაფია.

ორივე პროექტის კონცეფცია, რუსთაველი ახალგაზრდების ჩართულობით შემუშავდა და ახალგაზრდებისთვის და მოზარდებისთვის, არაფორმალური განათლების მიღების ახალი შესაძლებლობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები