“ადგილობრივი ორგანიზაცია იქნება თუ საერთაშორისო, მნიშვნელოვანია, განუხრელად დაიცვან ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის სტანდარტი” – გიორგი კალანდარიშვილი

“საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. რა თქმა უნდა, დონორების საქმიანობები და გრანტის გაცემის საკითხები საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას არ მიეკუთვნება”, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ის საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია: „ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები. სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო გვიწევს, გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“.

„ზოგადად, დაკვირვება კარგ საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს, თუ ის ობიექტურობის, მოუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტების დაცვით ხორციელდება, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირი ბოლო წლებში განსაკუთრებით წუხს სხვადასხვა მიკერძოების შემთხვევებზე. ის თავის დასკვნებში სხვადასხვა გარემოებას ასახელებს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობასთან მიმართებით, რაც განსაკუთრებით ბოლო არჩევნებისას იყო ხილული. ეს ეხება, როგორც საარჩევნო დებულებების თაობაზე საჯაროდ გაკეთებულ სხვადასხვა ინტერპრეტაციასა თუ მანიპულაციებს, ასევე გარკვეული ზღვრის დაკარგვას პოლიტიკურ ნარატივებსა და მიუკერძოებელ სადამკვირვებლო მისიების წარმოებას შორის. რა თქმა უნდა, საუბარია ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობასთან და არა ყველასთან მიმართებით. ეს, თავის მხრივ, ძალიან სამწუხარო და საზიანოა საარჩევნო გარემოსთვის. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი იქნება, თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, თავიანთი საქმიანობები განახორციელონ იმ სტანდარტების, პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც ობიექტურობას, დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ეფუძნება. მათ შორის გამოვყოფდი კომპეტენციებთან და კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ვინაიდან ასეთის არარსებობამ ან ნაკლებობამ შესაძლოა, გამოიწვიოს ის რიგი სპეკულაციური შეფასებები, ნარატივები, რომლებიც გასული არჩევნებისას, მათ შორის არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ ვიხილეთ და მნიშვნელოვნად დააზიანა საარჩევნო გარემო, გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა სხვადასხვა პროცესთან მიმართებით.

საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. რა თქმა უნდა, დონორების საქმიანობები და გრანტის გაცემის საკითხები საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას არ მიეკუთვნება. რაც შეეხება რეგისტრაციას, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას, გამჭვირვალე საქმიანობას, მათ შორის ამომრჩეველთა ინფორმირებას, საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და ყველაფერს გააკეთებს, რათა რეგისტრაციის პროცედურები, ისევე, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შემდგომი კოლაბორაცია იყოს გამჭვირვალე, ხელშესახები საზოგადოებისთვის, რათა თავად ჰქონდეთ კონკრეტული დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა. რაც შეეხება კონკურენტუნარიან გარემოს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს მანდატზე არ არის დამოკიდებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბრის არჩევნებიც საკმაოდ კონკურენტუნარიან გარემოში იქნება წარმართული. კეთილსინდისიერების საკითხის შესწავლა არ წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებას, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ ეუთო/ოდირის ბოლო წლებში საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებებით და ამოვიკითხოთ ის წუხილები, რომელიც ოდირს სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობასთან მიმართებით აქვს. საუბარი არის გარკვეულ მიკერძოებაზე, აფილიაციებზე, რიგ შემთხვევებში, კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ნაკლებობაზე. მათ შორის სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ საჯაროდ გაკეთებული შეფასებები გვაძლევს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ, რიგ შემთხვევებში, წაშლილია ზღვარი მიუკერძოებელ სადამკვირვებლო საქმიანობასა და პოლიტიკურ საქმიანობას შორის. ეს როგორც ეუთო/ოდირის, ასევე ჩვენი წუხილის საგანს წარმოადგენს. რაც შეეხება, რა არის მისაღები და მიუღებელი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ზოგადად, დაკვირვება საარჩევნო პროცესის საერთაშორისოდ აღიარებული კომპონენტია, თუმცა ადგილობრივი ორგანიზაცია იქნება თუ საერთაშორისო, მნიშვნელოვანია, განუხრელად დაიცვან ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის სტანდარტი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები