“სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება გააჩნია, მექანიზმები დახვეწოს, რითაც ადამიანის უფლებები უფრო მაღალ დონეზე იქნება უზრუნველყოფილი, წარმოდგენილი ცვლილებებით, დაზარალებულების უფლებების დაცვის უფრო გაუმჯობესებული მექანიზმებია შემოღებული, რაც გულისხმობს არა წლების განმავლობაში სამოქალაქო წესით დავას, არამედ გამარტივებულ მექანიზმს, “– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, წარმოდგენილი ცვლილებები ნებისმიერ ადამიანს შეეხება, მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება, რომელიც მსჯავრდადებული და ბრალდებულია.
„ასევე ვინც ადამიანებს ზიანს აყენებს, სხვის ქონების უფლებას ლახავს და ფიქრობს, რომ საპატიმრო დაწესებულებაში დაჯდება და ქონებას ისე განკარგავს, როგორც მოესურვება. ეს ყველაფერი აღარ იქნება შესაძლებელი და პროკურორის მოთხოვნის შემთხვევაში და სასამართლოს თანხმობით საქართველოს დატოვება აეკრძალებათ და მათზე ელექტრონული სისტემის მეთყვალყურეობა, ე.წ. სამაჯურის გამოყენება მოხდება, რაც ხელს შეუწყობს დაზარალებულის ზიანის აღდგენას. წარმოდგენილი ცვლილებები ნებისმიერ ადამიანს შეეხება, მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება, რომელიც მსჯავრდადებული და ბრალდებულია. ყველაზე გავრცელდება, ვინც მიზნად დაისახავს, რომ სხვას ზიანი მიაყენოს და შემდეგ მიღებული ქონება ისე განკარგოს, როგორც მოეპრიანება. თუ ვინმეს მოლოდინი აქვს, რომ ქონებას ისე მიიღებს, რომ სხვას დააზიანებს, ისე, რომ ჩაჯდება და შემდეგ გამოვა და ქონებას ისე შეირგებს, როგორც მისი სურვილი იქნება, ეს სურვილი ძირშივე აღკვეთილი იქნება“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სასჯელის მოხდის შემდეგ ითვლება ის ვადა, რომლის გასვლამდეც დამნაშავე ქვეყანასაც ვერ დატოვებს, ვიდრე ზიანს არ აანაზღაურებს.