მაკა ბოჭორიშვილი: პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს უცხო ქვეყნების მიერ სხვა ქვეყნის პოლიტიკის დაფინანსებას, არ არის მიღებული და ნორმალური არც ერთ ქვეყანაში 

“ჩვენ ვუპირისპირდებით არასამართლიან დამოკიდებულებას, რაც უკავშირდება უცხო ქვეყნებიდან ქართული პოლიტიკის დაფინანსებას” – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ საარჩევნო მონიტორინგის გრანტების გაუქმებას შეეხებოდა.

კომენტარში მაკა ბოჭორიშვილმა ბოლო წლებში უცხოეთიდან დაფინანსების პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სახელით, რეალურად ადგილი აქვს პოლიტიკური აქტივიზმის დაფინანსებას.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ბოლო წლებში ვიხილეთ ის მავნე პრაქტიკა, რაც ვიხილეთ, და ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფარდის უკან რეალურად ხდება პოლიტიკური აქტივიზმის დაფინანსება საქართველოში, და ის რეალურად არაკანონიერი საქმიანობა, რაც უკავშირდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას და პოლიტიკის დაფინანსებას ზოგადად საზღვარგარეთიდან“.

ბოჭორიშვილის განცხადებით, პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს უცხო ქვეყნების მიერ სხვა ქვეყნის პოლიტიკის დაფინანსებას, არ არის მიღებული და ნორმალური არც ერთ ქვეყანაში.

„ის რეაქცია, რა რეაქციაც ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას არის სრულიად ლეგიტიმური და ყველა პარტნიორი ამას უნდა მოეკიდოს გაგებით, პატივისცემით, ვინაიდან ჩვენ ვუპირისპირდებით არასამართლიან დამოკიდებულებას, რაც უკავშირდება უცხო ქვეყნებიდან ქართული პოლიტიკის დაფინანსებას“ – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები