მდინარაძე – ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაზე: ჩვენ შემხვედრ ნაბიჯებს ვითხოვთ და არა განცხადებებს; განცხადება შეიძლება, ძალიან კარგი იყოს, მაგრამ ნაბიჯი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია

“ჩვენ შემხვედრ ნაბიჯებს ვითხოვთ და არა განცხადებებს. განცხადება შეიძლება ძალიან კარგი იყოს მაგრამ ნაბიჯი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ რამდენიმე წლის წინაც ძალიან გვიხაროდა თითოეული პოზიტიური განცხადება და ძალიან სენსიტიურები ვიყავით თითოეული კრიტიკული განცხადების მიმართ. შემდეგ ქართველმა ხალხმა აღმოაჩინა, რომ თითოეული განცხადების უკან, იმ განცხადებების ავტორების ინტერესები იმალებოდა. ეს ბუნებრივი ამბავია. საქართველოც სხვასთან დაკავშირებით, რომ აკეთებს განცხადებას, ბუნებრივია საქართველოს ინტერესებიდან გამოდის. არ გვიკვირს არც ერთი გერმანელის, არც ერთი ფრანგის, არც ერთი ბრიტანელის, არც ერთი ამერიკელის განცხადება, სადაც უპირატესია მისივე ქვეყნის ან იმ ძალების ინტერესები, რომელ ძალებსაც ეს ადამიანები წარმოადგენენ. მაგრამ ჩვენ გვიკვირს, პრინციპში აღარც გვიკვირს საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც მხარს უჭერენ სხვას და არა საკუთარ სახელმწიფოს და საკუთარ სამშობლოს. და როდესაც განცხადებაა პოზიტიური, ეს ძალიან კარგია თუმცა მოქმედება ამ შემთხვევაში უფრო მთავარია. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც მხარდამხარ იბრძოდა დასავლელ პარტნიორებთან ერთად და იბრძვის მშვიდობისათვის. ასე გვჯეროდა და ასე გვინდა მომავალშიც გვჯეროდეს ნატო-ს სხვადასხვა ქვეყნების ჯარების მხარდამხარ. და არის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ამ საქმეში. საქართველომ თავისი ჯარისკაცების სიცოცხლითაც კი დაამტკიცა, რომ ისინი ერთგულები არიან ღირებულებების და მშვიდობის უპირატესი ინტერესის. მაგრამ სამწუხაროდ, ეს ინტერესები შეიცვალა და საქართველო მერე ვიღაცას მოუნდა, რომ ომის ინტერესების თანაზიარი ყოფილიყო. ამაში ვიღაცებს არ შევყევით და კრიტიკაც, ყველაზე რბილად, რომ ვთქვათ ძალიან სერიოზული მივიღეთ ბოლო წლების განმავლობაში. მაშინ, როდესაც საუბარი იყო მშვიდობისათვის ბრძოლაზე ქართველი ჯარისკაცები იღუპებოდნენ.

შესაბამისად, ჩვენ შემხვედრ ნაბიჯებს ვითხოვთ და არა განცხადებებს. განცხადება შეიძლება ძალიან კარგი იყოს მაგრამ ნაბიჯი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უკვე სამი ათწლეულია, რაც საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ხოლო ნატო მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებსა და მისწრაფებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები