პიმენ ყურაშვილი: საელჩო ქარდებით არ უნდა საუბრობდეს – ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები უფრო დიპლომატიურად იქცევიან, ვიდრე თვითონ დიპლომატები
„დანიგანი დეგნანს რომ შევადაროთ, უკეთესი ელჩი იყო, მაგრამ ეს წასვლა ცოტა უცნაურია, მიუხედავად იმისა, რომ თავად თქვა, რომ წასვლა მისი პირადი გადაწყვეტილება, „- ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა პიმენ ყურაშვილმა, საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
ყურაშვილი ფიქრობს, რომ რობინ დანიგანი საელჩოდან გაუშვეს.
„როდესაც ელჩები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ დიპლომატიური საქმიანობა აწარმოონ სხვადასხვა ქვეყანაში, თუნდაც პენსიაზე გასვლას აპირებდნენ, უნდა დაასრულონ ის პერიოდი იმ ქვეყანაში, სადაც მუშაობა უწევთ და შემდეგ წავიდნენ. ამიტომ მეეჭვება, რომ მისი წასვლა პირადი მიზეზი ყოფილიყო. მე მგონია, რომ ის საელჩოდან გაუშვეს და იმედი მაქვს, რომ უკეთესი ელჩი იქნება დანიშნული, რომელიც უფრო ადეკვატური დიპლომატიურ საქმიანობას გაწევს საქართველოში.
საელჩო ქარდებით არ უნდა საუბრობდეს, მით უმეტეს არჩევნების დროს. დიპლომატია უნდა რჩებოდეს დიპლომატიურ ჩარჩოში, როგორც ადრე იყო. დღეს ყველაფერი შეცვლილია. ხანდახან მეჩვენება, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები უფრო დიპლომატიურად იქცევიან, ვიდრე თვითონ დიპლომატები საჯარო პოლიტიკაში. იმედი მაქვს, რომ სწორედ ამის გამოსწორება მოხდება ამერიკის მხრიდან“, – დასძინა ყურაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პირადი გადაწყვეტილებით თანამდებობა 5 ივნისს დატოვა.