ემუქრება თუ არა საქართველოს ებოლას ეპიდემია?

რა პრევენციულ ზომებს იღებს საქართველოს მთავრობა ებოლას ვირუსის თავიდან ასაცილებლად

ბოლო მონაცემებით, ებოლათი დაავადებულთა რაოდენობა 10 000 ადამიანს, დაღუპულთა კი – 4,500-ზე მეტს შეადგენს. გაეროში ვარაუდობენ, რომ დეკემბრისთვის ებოლათი კვირაში 10 000 ადამიანი დაავადდება. ეპიდემია დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში მძვინვარებს. ყველაზე რთული მდგომარეობა ლიბერიაში ფიქსირდება. მეცნიერების განცხადებებით, ებოლას ვირუსმა მუტაცია განიცადა. ვირუსის სახეობა ახლა უკვე 300-სს აჭარბებს. გენერალურმა ასამბლეამ ებოლას წინააღმდეგ საბრძოლველად 49,9 მილიონი დოლარი გამოყო.10720988_306257822913741_1085257340_n
ებოლას ვირუსი დასავლეთ აფრიკის ქვეყნებს უკვე გასცდა. გერმანიაში რამდენიმე დღის წინ ებოლას ვირუსით დაავადებული გაეროს თანამშრომელი დაიღუპა. ესპანეთში ერთ-ერთი მედდა დღესაც მკურნალობს.
აშშ-ში კი ებოლათი დაავადების მეორე შემთხვევა დადასტურდა. დაინფიცირდა სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი, რომელიც ლიბერიელ პაციენტს ერიკ დუნკანს მკურნალობდა. დუნკანი ტეხასის საავადმყოფოში ებოლას ცხელებით გარდაიცვალა.
აღნიშნულ ექთანს უკავშირდება აშშ-ში, ოჰაიოს შტატში ერთ-ერთი სკოლის დროებით დახურვის გადაწყვეტილება. როგორც “კვირას“ ამავე შტატში მცხოვრებმა ქართველმა ნათია ლომიძემ განუცხადა, სკოლის ხელმძღვანელობამ კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღმოჩნდა, რომ ამ სკოლის მოსწავლეებს და ოჯახის წევრებს დაავადებულ ექთანთან ერთად თვითმფრინავით მგზავრობა მოუწიათ.
ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ჯანდაცვის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას, გაწერილი აქვს რეკომენდაციები როგორ უნდა მოიქცეს ესა თუ ის ქვეყანა ასეთ შემთხვევაში.10720912_306257849580405_1631034274_n
“კვირა“ დაინტერესდა ღებულობს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რაიმე პრევენციულ ზომებს, რათა ვირუსმა საქართველოში ვერ შემოაღწიოს.
საქართველოს ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ებოლას გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე ცალსახად არ არსებობს. რაც შეეხება პრევენციის მიზნით მიღებულ ზომებს, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას, მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეების აღრიცხვაზე აყვანა და მათზე ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა ხდება. სპეციალისტები ამ ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეებს 21 დღის განმავლობაში, ანუ საინკუბაციო პერიოდის დროს აკვირდებიან.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ვინაიდან ებოლა აირწვეთოვანი გზით არ გადადის და გავრცელება მხოლოდ დასნეულებულ ადამიანთან, მის ბიოლოგიურ სითხეებთან უშუალო ფიზიკური კონტაქტით ხდება, საზღვარზე ავტოტრანსპორტის დეზინფექცია საჭირო არ არის.
„საზღვარზე რისკის მქონე ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეების საცხოვრებელი მისამართი და გადაადგილება კონტროლდება. ჩვენი – დაავადებათა კონტროლის სპეციალისტები მათთან არიან კომუნიკაციაში და აკონტროლებენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას“,-აცხდებს მინისტრი.
საქართველოში ებოლას ვირუსზე 13 ადამიანს აკვირდებიან. ყველა მათგანი ქვეყანაში აფრიკიდან შემოვიდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე “კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნულ პირების მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია და მათ ებოლას მახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნებათ.10726281_306257982913725_765517095_n
იმნაძის განცხადებით, მიუხედავად ამისა, საზღვრის გადმოკვეთისას, მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეების დაკვირვება გრძელდება. მისი თქმით, საბაჟო – გამშვები პუნქტიების თანამშრომლებს, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს და დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლებს შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდათ, შემუშავდა სპეციალური გეგმა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი იმ შემთხვევაში, თუ რისკჯგუფის ქვეყნიდან შემოსულ პირს ებოლას სიმპტომები აღენიშნება (სიცხე, თავის ტკივილი).
“საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან იღებს ყველა იმ რეკომენდაციას, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ ვირუსის შემოტანას და შემდგომ გავრცელებას. საქართველოში ებოლას გავრცელების რისკი დაბალია. ჩამოსულებს ურიგდებათ სამახსოვრო ბროშურები, სადაც ყველა იმ კლინიკის დასახელება და მისამართებია, რომლებსაც სიცხის ან სხვა სიმპტომების დროს უნდა მიმართონ. დასავლეთ აფრიკის ქვეყნებს შორის ჩვენთან, ძირითადად, ნიგერიიდან ჩამოდიან მოქალაქეები. ნიგერია ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ებოლას ვირუსი გააჩერა, იქ თვეზე მეტია დაინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – განუცხადა “კვირას“ პაატა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი მოსახლეობას ებოლას ვირუსისგან თავის დასაცავად ხელების ხშირად დაბანვას ურჩევს.

მარიამ ზედგინიძე

10736022_306258126247044_1739767748_n

10737900_306258096247047_1049225597_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები