ტრამპი აცხადებს, რომ მასკით ძალიან იმედგაცრუებულია
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ილონ მასკით ძალიან იმედგაცრუებულია.
„მე და ილონს შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. არ ვიცი, კიდევ გვექნება თუ არა“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.
მანამდე მასკმა თეთრი სახლის ლიდერი საბიუჯეტო კანონპროექტის გამო გააკრიტიკა, რომელიც ელექტრომობილების მანდატის შემცირებას გულისხმობს და მას „ამაზრზენი საზიზღრობა“ უწოდა.
„მან იცოდა ამ კანონპროექტის ყველა ასპექტი. მან ეს თითქმის ყველაზე უკეთ იცოდა და არასდროს ჰქონია პრობლემა“, – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მასკს პირადად მისთვის არაფერი დაუშავებია, მალე შეიძლება ესეც გააკეთოს.
„დარწმუნებული ვარ, ეს შემდეგი იქნება. თუმცა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონით. მე ძალიან დავეხმარე ილონს“, – დასძინა ტრამპმა.